
მარგველაშვილი: „თუ კერძო საუბრის ჩანაწერი საფუძველია იმისა, რომ გადავდგე, გადავდგები
16:35:06     07-05-2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი თანაგუნდელის, დეპუტატ კობა დავითაშვილის იმ განცხადებას, ეხმაურება, რომლის მიხედვითაც „თუ გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ შრომის კოდექსი მიუღებელია, ვიცე-პრემიერობიდან უნდა გადადგეს“.
„თუ კერძო საუბრის ჩანაწერი საფუძველია იმისა, რომ გადავდგე, გადავდგები“,- განაცხადა მარგველაშვილმა ბოლო დროს მის მიმართ გამოთქმული უკმაყოფილების საპასუხოდ.
მარგველაშვილი: კობას შეხედულება, ანგარიშგასაწევია, სხვა მეგობრებსაც დავეკითხები და ბუნებრივია, კოლექტიურად მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უფასო ფაკულტეტებით, უფასო წიგნებით, ბავშვების ტრანსპორტირებით, მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდით ნათლად გამოვავლინე ჩემი ღირებულებები რაც მაქვს. თუ მაინც საჭიროა რომ გადავდგე, კობასთან ერთად სხვა მეგობრებსაც დავეკითხები და მივიღებ გადაწყვეტილებას.
განათლების მინისტრმა გასულ კვირას მის მიერ „შრომის კოდექსთან“ დაკავშირებით გამოთქმული შეფასების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ როზა ლუქსემბურგი, რომელიც მან „ჯიპას“ სტუდენტებთან იუსტიციის მინისტრის კანონპროექტს უწოდა, სულაც არ არის საგინებელი სიტყვა.
„თუ ეს გადადგომის საფუძველია, გადავდგები. სანამ გადავდგები, ერთი რამ უნდა ვთქვა- როზა ლუქსემბურგი არ არის საგინებელი სიტყვა, ეს მინდა განსაკუთრებით იმ ხალხმა ისწავლოს, ვინც სოციალურ უფლებებს იცავს, მათთვის როზა ლუქსემბურგი დიდი მნიშვნელობის ადამიანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გირგი მარგველაშვილს წულუკიანი და დავითაშვილი ერთდროულად დაესხნენ თავს.
იუსტიციის მინისტრი მარგველაშვილს იმედების გაცრუებით დაემუქრა:
"მათ, ვისაც მომზადებული ცვლილებები არ მოსწონთ, მინდა იმედი გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის „შრომის კოდექსის“ რეფორმირების პირველი ტალღა. არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, მაგრამ ვგეგმავ, როგორც ხელმძღვანელი ქალი ახალი მთავრობის, სათავაში ჩავუდგე "შრომის კოდექსში" ცვლილებების მორიგ ტალღას, რომელსაც შრომით ურთიერთობებში ქალთა უფლებების დაცვა ჰქვია“,- აღნიშნა წულუკიანმა.
კობა დავითაშვილმა, კი შრომის კოდექსთან დაკავშირებით, ვიცეპრემიერის შეფასებებს უცნაური უწოდა და დასძინა, რომ „თუ გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ შრომის კოდექსი მიუღებელია, მინიმუმ ვიცეპრემიერობიდან უნდა გადადგეს“.