კორუფცია მთავრობაში - ღარიბაშვილი ტაბატაძესა და ბედიას ვერ ხსნის

  23:57:00     06-05-2013

გამოძიება შს მინისტრის მოადგილე ალეკო ტაბატაძესა და შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსზე, დავით ბედიაზე გავიდა.

პროკურატურა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებულ კორუფციულ სქემას იძიებს. გამოძიებას უკვე აქვს კონკრეტული მტკიცებულებები შსს-ს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

სამართალდამცველებს ჩვენებები მისცეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეჭვმიტანილმა მაღალჩინოსნებმა - სოსო ალავიძის მძახალმა ნახუცრიშვილმა და შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, დავით ბედიას მამამ, ომარ ბედიამ.

მოპოვებული ჩვენებებისა და მტკიცებულებების მიხედვით ირკვევა, რომ კორუფციული სქემის სათავეში თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი, სოსო ალავიძე იდგა. ის ამჟამად საქართველოდან გაქცეულია. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

პროკურატურის ინფორმაციით, კორუფციული სქემა დაფუძნებული იყო ნათესავურ კლანზე.

1.  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - დაკავებული ნახუცრიშვილი სოსო ალავიძის მძახალია (მისი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ ალავიძის ვაჟზე დაქორწინდა).

2.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანი, კორუფციული სქემის მონაწილე ომარ ბედია სოსო ალავიძის დედის ძმა და შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის, დავით ბედიას მამაა.

3.  სოსო ალავიძის ნათესავი და კადრია შს მინისტრის მოადგილე, ალეკო ტაბატაძე, რომელიც თავის მხრივ, დავით ბედიას მფარველია პოლიციაში.

გამოძიების მტკიცებით, ბედია, ნახუცრიშვილი (ის ადრეც იყო დაკავებული ფულის გაფლანგვისთვის) და ალავიძე ექსპერტებზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა დასკვნა ე.წ. ჩეხური ტრაქტორების სასარგებლოდ დაწერილიყო.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მაღალჩინოსნებმა და კორუფციული სქემის სათავეში მდგარმა პირებმა, რამდენიმე მილიონი ლარი მიითვისეს ე,წ, “ატკატებითა” და სხვა სახის დანაშაულებრივი კომბინაციით.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კორუფციული სქემის გამოვლენისა და იმის აღიარებისა, რომ მინისტრებმა და მათმა მოადგილეებმა შევარდნაძის ეპოქის მსგავსად, ქრთამის აღება დაიწყეს, პოსტებს ინარჩუნებენ შს მინისტრის მოადგილე, ალეკო ტაბატაძე და შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსი, დავით ბედია.

მინისტრი ღარიბაშვილი, ტაბატაძე-ბედიას გათავისუფლებას ვერ ბედავს. ალეკო ტაბატაძეს, სოსო ალავიძის გარდა, ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ალასანიაც მფარველობენ. როგორც ჩანს, ღარიბაშვილს სწორედ ბურჯანაძე-ალასანიას გაღიზიანების ეშინია.

რაც შეეხება შევარდნაძის დროინდელი პოლიციის ერთ-ერთ სიმბოლოს, სოსო ალავიძეს, მის მიმართ პროკურატურას პოზიცია ბოლომდე არ ჩამოუყალიბებია.

კბილაშვილი აღიარებს, რომ ალავიძის წინააღმდეგ მოწმეებმა ჩვენებები მისცეს, თუმცა, მისთის ბრალის წაყენებას არ ჩქარობს.

და კიდევ: რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში, პრემიერ მინისტრ ივანიშვილს წამოსცდა, რომ მას, თანაგუნდელები და მინისტრები, სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული კორუფციული სქემის გამოძიების შეწყვეტას სთხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ წინა კვირას კორუფციული სქემის გამოვლენის შესახებ განაცხადა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხუთი მაღალჩიმნოსანი დააკავა. ამ ფაქტს წინ უძღოდა პრემიერის მიერ საჯაროდ გამოთქმული ეჭვი “ერთ-ერთ სამინისტროში არსებული პრობლემების შესახებ”.

კორუფციული სქემის გახმაურების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე.

აღსანიშნავია, რომ დავით კირვალიძე 2003 წლის რევოლუციის შემდეგაც იკავებდა სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს და მაშინაც სწორედ კორუფციული სქემისა და ფულის გაფლანგვის ბრალდებით გაათავისუფლეს.