![სოსო ალავიძე გაიქცა -კვალი ღარიბაშვილის მოადგილემდე მიდის სოსო ალავიძე გაიქცა -კვალი ღარიბაშვილის მოადგილემდე მიდის](http://presa.ge/img/multimedia/a24565.jpg)
სოსო ალავიძე გაიქცა -კვალი ღარიბაშვილის მოადგილემდე მიდის
13:03:15     04-05-2013
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულმა მაღალჩინოსნებმა გამოძიებას სკანდალური ჩვენება მისცეს.
ჩვენების მიხედვით, კორუფციულ სქემაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, შევარდნაძის დროინდელი თბილისის პოლიციის უფროსი, სოსო ალავიძე და შს მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე, დავით ბედია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნახუცრიშვილმა და სხვა ეჭვმიტანილებმა, რომლებიც კორუფციული სქემის ბრალდებით დააკავეს, გამოძიებას უკვე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ნახუცრიშვილი სოსო ალავიძის მძახალია. რამდენიმე თვის წინ, მისი ქალიშვილი ცოლად გაჰყვა სოსო ალავიძის შვილს, გიორგი ალავიძეს.
სხვათაშორის, ნახუცრიშვილი წინა ხელისუფლების დროსაც იყო დაკავებული ხაზინიდან 2 მილიონის გაფლანგვის ფაქტზე.
სოსო ალავიძის ნათესავია შს მინისტრის მოადგილე დავით ბედიაც. ის ალავიძის დედის დისშვილია. საყურადღებოა ისიც, რომ დაკავებულ მაღალჩინოსნებს შორისაა ომარ ბედია - ასევე სოსო ალავიძის ნათესავი.
ინფორმაციის თანახმად, სოსო ალავიძე, დაკავებულ ვაჟა ნახუცრიშვილთან და ომარ ბედიასთან ერთად, ზეწოლას ახდენდა ექსპერტზე, რომ დასკვნა ჩეხური ტრაქტორების სასარგებლოდ დაეწერა.
ხოლო მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს, ალავიძე ქვეყნიდან გაიქცა. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
"ამ ეტაპზე არსებობს მხოლოდ მოწმის ჩვენება. შესაბამისად, ამ ეტაპზე ალავიძესთან დაკავშირებით პროკურატურის პოზიცია არ არის გადაწყვეტილი", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა.
მისივე განმარტებით, ალავიძე, დაკითხული არ არის. რაც შეეხება იმას, იმყოფება თუ არა თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი საქართველოში, მთავარმა პროკურორმა პასუხისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ რომ ივანიშვილის მიერ ერთ-ერთი სამინისტროსადმი საჯაროდ გამოთქმული ეჭვების შემდეგ, პოლიციამ სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნები დააკავა და განაცხადა, რომ გახსნილია კორუფციული სქემა. გამოძიების ინფორმაციით, ჩინოვნიკებმა მილიონობით ლარი მიითვისეს.