
მარგველაშვილი წულუკიანის წინააღმდეგ, მორიგი აზრთასხავასხვაობა „ოცნებაში“
16:41:33     03-05-2013
ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა თეა წულუკიანს ახალი შრომის კოდექსი დაუწუნა და იუსტიციის მინისტრის კანონპროექტი როზა ლუქსემბურგის ოცნებას შეადარა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა "ჯიპას" სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, წულუკიანის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი პირადად მისთვის მიუღებელია. მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული დოკუმენტი შრომით უფლებებს არ მოაგვარებს.
მარგველაშვილი: "ახალი შრომის კოდექსი პროფკავშირების დიქტატით არის დაწერილი. ისეთი შრომის კოდექსია პარლამენტში შესული, რომ ვერავინ ვეღარ გაინძრევა. ე.ი. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებებს თუ ვახდენდით არ მეგონა, მაგრამ შიგნით ისეთები წერია, საერთოდ, დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო, ვერც ბიზნესი.
მსგავსი შრომის კოდექსი ბიზნესისთვის კოშმარია. ქვეყანაში სადაც ბიზნესი უნდა განვითრდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს ამ შრომის კოდექსის შეტანა არის აბსოლიტურად არასწორი. ამ ფონზე ესენი შრომის კოდექსის გამო პოლიციას ურტყავენ და იქნებ ვინმემ გამაგებინოს რა ხდება".
მარგველაშვილის კრიტიკას დღესვე უპასუხა იუსტიციის მონისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ. მისი თქმით, წულუკიანის კანონპროექტი არა როზა ლუქსენბურგის საოცნებო შრომის კოდექსი, არამედ "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსია.
"რატომ არის მარგველაშვილი ასეთი რადიკალური, არ ვიცი. მისი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ესაა როზა ლუქსემბურგის საოცნებო შრომის კოდექსი, არასწორია. სინამდვილეში ეს არის "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო კოდექსი, რომელიც სრულად შეესაბამება "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიიის დროს გაცემულ დაპირებებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამ წუთებში შრომის ახალ კოდექსთან დაკავშირებულ საკითხზე იუსტიციის სახლში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრა მიმდინარეობს. მას, ალექსანდრე ბარამიძის გარდა, რამდენიმე დეპუტატი, ასევე შრომის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენელი კარი ტიპიოლა ესწრება.