
ღარიბაშვილს არასამთავრობოები დაუპირისპირდნენ
12:14:09     03-05-2013
„რომ ჩამსვეს მანქანაში, კამერები რომ აღარ იყო, ჟურნალისტები რომ აღარ იყვნენ, მაშინ მირტყეს და მერე, როცა განყოფილებაში წამიყვანეს, აღმაშენებელზე, სანამ პოლიციის უფროსი მოვიდოდა, მანამდე მცემეს," - აცხადებს ხუსკივაძე "ნეტგაზეთთან" საუბარში.
ამ ფაქტს, გამოცემის თანახმად, ადასტურებს „ლაბორატორია 1918"-ის წევრი თოკო ჩივაძე, რომელიც გუშინ ასევე დააკავა პოლიციამ. დიმიტრი ხუსკივაძის თქმით, „ლაბორატორიის" წევრები შეიკრიბებიან და აღნიშნული ფაქტის გასაჩივრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ მიიღებენ.
გაერთიანების ერთ-ერთი წევრის, გიორგი ნადარაიას თქმით, მანიფესტაციის მონაწილეები, მარჯანიშვილიდან რუსთაველის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც გადაიკეტა მოძრაობა და პატრულის თანამშრომლებმა მათ მოსთხოვეს გზის გათავისუფლება.
„შემდეგ დაიწყეს აქციის მონაწილეების დაკავება, რაშიც მონაწილეობდნენ უფორმო თანამშრომლებიც, „ლაბორატორია 1918"-ის 20-მდე წევრია დაკავებული, მხოლოდ ორნი გადავრჩით დაკავებას," - განუცხად "ნეტგაზეთს" ნადარაიამ.
მოგვიანებით, დაკავებულები პოლიციიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ აქციის მონაწილეებს, რასაც არ დაემორჩილნენ და სამართალდამცავებმა ისინი ადმინისტრაციული წესით ამიტომაც დააკავეს.
„ლაბორატორია 1918"-ის წევრების გარდა, გუშინ „მეცხრე არხის" რეპორტიორიც დააკავეს, რომელიც აქციას აშუქებდა. ასევე, დაზარალებულ იქნა „ლიბერალის" ჟურნალისტი, რომელიც აქციაში მონაწილეობდა. თუმცა, შსს-მ უარყო გუშინდელ აქციაში ჟურნალისტების მონაწილეობა. მეორე დღეს კი, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წინა დღით ნათქვამი უკან წაიღო და ასე განაცხადა:
„სამწუხაროა, რომ ორი ჟურნალისტი ამ ინციდენტში მოყვა, თუმცა პოლიცია ვერ გაარკვევდა, ვინ იყო ჟურნალისტი და ვინ - არა. მიკროფონი ყველას შეიძლება ეჭიროს, იგივე აქციის მონაწილეს. აქციის მონაწილეები იყვნენ აგრესიულები, ისინი გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე და ეს აგრესია გადაედო მთელ აქციას და პოლიცია აბსოლუტურად ადეკვატურად მოიქცა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ვისაც ქაოსში ცხოვრება სურს, მხოლოდ მან უნდა დაუჭიროს ამ აქციას მხარი.საზოგადოებაში კი პოლიციის ასეთ ქმედებას საკმაოდ კრიტიკული რეაქცია მოჰყვა და ღარიბაშვილს ქმედებები არა მხოლოდ ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, არასამთავრობო სექტორის ნაწილმაც დაუწუნა.