
ივანიშვილი: გამოვთქვით, რუსეთთან დიალოგის დაწყების მზადყოფნა
12:26:11     29-04-2013
როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა საუბრის ძირითადი დრო, რუსეთთან დაწყებულ ურთიერთობას დაუთმო და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროსაც, რუსეთის დიდი სურვილი იყო საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, რის საშუალებასაც საქართველოს ხელისუფლება არ აძლევდა, მისივე განცხადებით, თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა, არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობას და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას.
ივანიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსის განუხრელად გატარების პარალელურად, ჩვენ ახალი კომპონენტი შევიტანეთ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და გამოვთქვით რუსეთთან დიალოგის დაწყების მზადყოფნა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ჩემი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნამ საშუალება მოგვცა კონკრეტული პრაგმატული ნაბიჯები გადაგვედგა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკური და კულტურული კავშირები.
აღნიშნული საკითხის განხილვისას, პრემიერმა მოსაზრება გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მისცემს საქართველოს, გაცილებით დიდ შესაძლებლობებს, ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს თავისუფლება და უსაფრთხოება, ასევე მისცემს საშუალებას დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ევროპულ ოჯახში.
როგორც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ივნისში, როდესაც ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს ეწვევა, საბჭო ადგილზე გაეცნობა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.
„მოლოდინიც გვაქვს, რომ ალიანსი სათანადოდ შეაფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ასახავს ამას კონკრეტულ გადაწყვეტილებაში და ამით წინ წასწევს ნატო-ში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას. ამის იმედს გვაძლევს 2012 წლის 21 მაისს ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე გამოთქმული სიტყვები: "ეს უნდა იყოს ბოლო სამიტი, რომელიც არ არის გაფართოების სამიტი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარის ტრიბუნაც, ოპონენტების გაქილიკებისთვის გამოიყენა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, წინა ხელისუფლება დემოკრატიულ რეფორმებზე მხოლოდ საუბრობდა, ქმედებები კი აბსოლუტურად განსხვავებული იყო.
„ისინი ოსტატურად ახერხებდნენ შეცდომაში შეეყვანათ ევროპელები და ამერიკელები. მათი გამონათქვამები და ქმედებები შორს იყო ერთმანეთისგან, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიკადრებთ. ამას მოვუწოდებთ ოპოზიას, კეთილი ინებონ თეთრზე თეთრი თქვან და პირიქით. სწორედ ასეთ შემთხვევაში მივიღებთ ჩვენ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობისგან", – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
„ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები, განახორციელებენ წინა ხელისუფლების თანამდებობის პირთა საქმეების გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ პროცესების შესაბამისობა საერთაშორისო ნორმებთან. ამასთან ერთად, ყველა პირობას შევქმნით იმისათვის, რომ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაწყებულ კოჰაბიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ პროცესში პოზიტიური დინამიკა და კონკრეტული შედეგები შეიმჩნევა.
„ეს პროცესი არ არის ადვილი, რადგან ამ თვალსაზრისით არა ერთ წინააღმდეგობას ვაწყდებით. მიუხედავად სირთულეებისა, ნელ–ნელა პოზიტიური დინამიკა და კონკრეტული შედეგები შეიმჩნევა. ამის ნათელი დადასტურებაა პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე დიალოგი, ერთობლივად მიღებული საპარლამენტო რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ, დაბოლოს, ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი", - აღნიშნა პრემიერმა.
"როუზ როსის" სემინარზე, ვიცესპიკერი გიორგი ბარამიძე დაინტერესდა, ტერორისტების მომზადების შესახებ კითხვას, პრემიერის განცხადებები საქართველოს რამდენად წაადგება.
ივანიშვილის განცხადებით, ამის შესახებ მას მხოლოდ ეჭვი გააჩნია. „თქვენი დარწმუნება რთულია, მაგრამ მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ამ საკითხით დაინტერესება სხვადასხვა ქვეყნებთან სქართველოს ურთიერთობებს არ დააზიანებს. ნუ გგონიათ, რომ მთელი მსოფლიო თქვენ ხართ. თქვენ წლების განმავლობაში, მუდმივად სიმართლის დამალვას ცდილობდით. ყველამ კარგად ნახა 2008 წელს თქვენმა პოლიტიკამ რა შედეგი გამოიღო. ტალიავინის დასკვნით, სიმართლე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, თუმცა, თქვენ მოვლენების სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობთ", - მიმართა ივანიშვილმა ვიცესპიკერს.