ბიძინა "ეშმაკის ბორბალსა" და სტალინზე

  00:22:27     27-04-2013

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენება მისი იდეა იყო და მიხეილ სააკაშვილმა ეს იდეა  მიიწერა.
„ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იყო ჩემი იდეა და რამდენიმე წელიწადი მაგაზე ვმუშაობდი. იპოდრომი მაგისთვის შემაძენინეს მე და მანდ ბევრი კითხვებია. 52 მილიონი გადავიხადე, რომ უნივერსიტეტი აშენებულიყო. ამაზე ნახაზებია გაკეთებული, არქიტექტორებისთვის მილიონზე მეტი მაქვს გადახდილი, ძალიან დიდი შრომაა დახარჯული. ამას ვაკეთებდი მე სწორად და გავაგრძელებ კიდეც. 
რაც ბათუმში ხდება, ეს არის ანეკდოტური. როდესაც პოლიტიკაში მოვედი, სააკაშვილმა ჩემი იდეა აიტაცა და თქვა, ახლა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს გავაკეთებო და რაღაც შენობა ააშენა, რომელსაც აბსოლუტურად არ შეიძლება, უნივერსიტეტი დაერქვას. ეშმაკის ბორბალი კი აიტანა ზედ, ეს არის მაგის იდეის კარგი დამაგვირგვინებელი. ეს არის ძალიან პატარა ფართის, მაღალი შენობა და ამ სიმაღლეებით ცდილობდა, რომ დუბაი აეშენებინა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აქ ვერ განთავსდება" – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, მან პუშკოვთან სადილზე სტალინის წარმომავლობაზე ისაუბრა. ,,ორი საათი ვისხედით სუფრასთან, მეგობრული საუბარი იყო, ვისაუბრეთ პოლიტიკაზეც.   ვისაუბრეთ სტალინზეც, რომ ის უფრო პრორუსი იყო, ვიდრე პროქართველი და პუშკოვს არ სწყენია, მშვენივრად მიიღო," - განაცხადა ივანიშვილმა.