
ივანიშვილი: ასფალტი გაფუჭდება..
23:32:24     26-04-2013
ჩემი დიდი სურვილი იყო და გუნდის წევრებმაც გაიზიარეს, რომ 26 მაისს სახალხო ზეიმი გაიმართოს და არა სამხედრო აღლუმი. 26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე და ამას უნდა მივცეთ, სახალხო ზეიმის სახე. რატომ არ ჩატარდება სამხედრო აღლუმი?_ ჩვენ არ ვართ დღევანდელი ჩვენი პოზიციით აგრესორი ქვეყანა, ვართ თავდაცვაში. თანაც თუ ჩვენს უახლოეს წარსულსაც გადავხედავთ, ვნახავთ, ჩვენი მთავარსარდლის ქმედებებს, თუ რას აკეთებდა, თუნდაც 2008 წლის აგვისტოს შემდგომ აღლუმებს, მათ შორის 2011 წლის 26 მაისის აღლუმს, ამის შემდგომ არ მქონდა აღლუმის ჩატარების სურვილი", - განაცხადა ივანიშვილმა ნინო შუბლაძის გადაცემა „პოზიციაში“.
„ამ მთავარსარდალს რა ფასიც აქვს, ქართველებმა კარგად ვიცით. აღარ აქვს მნიშვნელობა ჩემი გადმოსახედიდან, რას ჩაიბარებს მთავარსარდალი. მაგან ჩააბარა უკვე ძირითადი გამოცდა და ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ჩვენი მთავარსარდალი. პრიმიტიული სვლები - მიიღებს აღლუმს თუ არ მიიღებს, მის პიროვნებას არც მოაკლებს და არც მოუმატებს. ყველამ კარგად დაინახა, ვინ არის ის - ევროპამაც და ამერიკამაც", - დასძინა მან.
„სახალხო ზეიმის ფარგლებში, 26 მაისს, ჯარისკაცებს უფრო კარგი საშუალება ექნებათ, ტექნიკა გამოიტანონ რეგიონებში და ხალხს აჩვენონ. ეს უფრო კარგი საშუალება იქნება ჯარისკაცებისთვის, გამოიტანონ ტექნიკა და აჩვენონ ხალხს და არა ის, რომ ტანკები გამოვიყვანოთ და ასფალტი კიდევ ერთხელ გავაფუჭოთ", - განაცხადა პრემიერმა.