
ივანიშვილი: რუსეთის, როგორც მტრის მიმართ, სამხედრო დოქტრინაში მკაცრი ჩანაწერი აღარ არსებობს
22:32:02     26-04-2013
თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტში რუსეთის, როგორც მტრის მიმართ ისეთი მკაცრი ჩანაწერი, როგორც უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების კონცეფციაში იყო, აღარ არსებობს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა და განმარტა, რომ ახალ დოქტრინაში, ისე, როგორც საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტში, ტონალობა შერბილებულია.
ივანიშვილი თვლის, რომ სწორედ რიტორიკის შერბილების შედეგია რუსეთის ბაზრის გახსნაც.
„რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის საწყისი ცუდი არაა, ჩვენ რიტორიკა შევცვალეთ და ამ რიტორიკით მოვახერხეთ ბაზრის გახსნა. არ მაქვს ეიფორია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
უახლოეს მომავალში მოხდება, მაგრამ ჩვენ უახლოეს წლებში უნდა მოვახერხოთ ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნება. საქართველო უნდა გახდეს დემოკრატიის შუქურა არა მოჩვენებით, არამედ რეალურად. მარტო რუსეთი ვერ გადაწყვეტს აფხაზეთისა და ოსეთის საკითხს, ჩვენს ძმებზეც ბევრია დამოკიდებული, მათ უნდა გაუჩნდეთ დაბრუნების
სურვილი, ამისთვის ჩვენ უნდა გავხადოთ საქართველო საინტერესო ქვეყანა“ - განაცხადა ივანიშვილმა.