ქუთაისის ციხეში, „მაყურებელი“ ნარკოტიკის ზედმეტი დოზისაგან გარდაიცვალა

  11:40:32     26-04-2013

საინფორმაციო სააგენტო newpress-ის ცნობით,  ქუთაისის #2 ციხეში, პატიმარი, ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა.

 გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით ერთ კვირის წინ მოხდა. გარდაცვლილი ქუთაისის მაცხოვრებელია.  წყაროს ინფორმაციით, ქუთაისის ციხეში, ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანა თავისუფლად ხდება, რომელსაც ე.წ  „ციხის მაყურებლები" იღებენ. ციხეში, ნარკოტიკის ზედმეტის დოზისგან გარდაცვლილი პატიმარიც, წყაროს  „ციხის მაყურებელი" იყო.

 „პრესა.ჯი“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას,  სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი კორძაიასთან შეეცადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე, კომენტარს 1 საათში გააკეთებს. ციხეებში ე.წ „მაყურებლების“ არსებობის შესახებ, ქუთაისის ციხის ყოფილი მთავარი ექიმი მამუკა მდივანიც საუბრობს. მისი თქმით, ციხეებში ადგილი აქვს „ობშიაკის“ აკრეფვის ფაქტებსაც.

 მამუკა მდივანმა, სისტემა, მიმდინარე წლის 11 აპრილს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. წამოსვლამდე კი, გეგუთის ციხეში მიმდინარე პროცესებზე სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს მიაწოდა ყველა ინფორმაცია, თუმცა,  მდივანის განცხადებით, მინისტრისგან პასუხად, მხოლოდ ანეკდოტი მოისმინა. 

„მე გიდასტურებთ, მთელი პასუხიმგებლობით, რომ „მაყურებლები“ ბრუნდებიან სისტემაში, რაც ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. სასჯელაღსრულების ახალმა შემადგენლობამ იპოვა იოლი გამოსავალი, ეს არის საშინელება. ქუთაისის ციხე, ისევე როგორც სხვა დაწესებულება ბარდება პატიმრებს და ბრუნდება „მაყურებელი“. ყველანაირი უფლება მისცეს და ხელ-ფეხი გაუხსნეს მისჯილებს, რომ მათი მდგომარეობა შეამსუბუქონ და წყნარად ჰყავდეთ ადგილებზე.

 ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ შეინიშნება „საერთოს“ აკრეფვის ფაქტებიც... სუბარი სუსტი მინისტრი აღმოჩნდა. სასჯელაღსრულებაში ძალიან ცუდი ვითარებაა, ვერ კრებს გუნდს, რომ დაამყაროს წესრიგი, არც გამოცდილება აქვს და არც იცის სისტემა“ - აცხადებს ქუთაისის ციხის ყოფილი მთავარი ექიმი.