
ნოდარ ხადური მიხვდა, რომ საქართველოს კარგი საბაჟო და საგადასახადო სისტემა აქვს
11:26:33     26-04-2013
შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმაც აღიარა, რომ მას სამინისტროში გამართული სისტემა დახვდა. სხვათაშორის, იგივე გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემაც, როცა თქვა, რომ უამრავი რამ დახვდა აწყობილი.
რაც შეეხება, ნოდარ ხადურს, მან უკრაინელებთან აღიარა, რომ საქართველოს აქვს საუკეთესო საბაჟო და საგადასახადო სისტემა.
„მოხარული ვარ, რომ უკრაინელ მეგობრებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბრო იმ პოტენციალზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. მე დღეს ამ დარბაზში უამრავ პოტენციურ ინვესტორს ვხედავ. მათთვის, მზად არის ჩვენი ეკონომიკური სისტემა და გარემო. ჩვენ, ერთ-ერთი დაბალი შეწონილი გადასახადი გვაქვს. მსოფლიოში, ამ კუთხით მეოთხე ადგილზე ვართ. ასევე მინდა გითხრათ, რომ სულ ექვსი გადასახადი გაგვაჩნია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესმენებისთვის.
ყოველგვარი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს საუკეთესო საბაჟო და საგადასახადო სისტემები. ჩვენ, მზად ვართ, ჩავდგეთ თქვენს სამსახურში, რათა ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა", - მიმართა ნოდარ ხადურმა უკრაინელ ბიზნესმენებს საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე, რომელიც სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ მიმდინარეობს.
ამ ფორუმს, საქართველოს პრემიერიც ესწრება, რომელიც სხვა დროს და სხვა ადგილას, საქართველოს საგადასახადო სისტემასაც იწუნებდა და ეკონომიკის მიღწევებსაც.