ვიკინგ მეტალი – "ფიორდელი ხალხის" მუსიკა ათასი წლის შემდეგ

  15:18:24     15-01-2011

„მიყვარს სილამაზისა და ეპიკურობისათვის, მებრძოლი მუსიკაა, განვითარებული ფოლკი, ბლექის ელემენტებით. თვალწინ წარმოგიდგება ვიკინგების დაუნდობელი შერკინება, ბრძოლის ველი, სისხლის ზღვა, გრძელწვერა, ქერათმიანი მებრძოლები მტკიცე გამომეტყველებით. ულამაზეს ეპოქას გვიხასიათებს, მკაცრ და ამაყ ხალხს, სკანდინავიურ საგებში აღწერილს, ომებს, საზღვაო ექსპედიციებს ინგლისსა და საფრანგეთში, სიმდიდრის, სახელისა და დიდების მოსაპოვებლად. ამ მუსიკაში იგრძნობა მებრძოლი პოეტურობა, რომელიც იმ ეპოქას და ატმოსფეროს ახასიათებდა. რა თქმა უნდა, ვიკინგები დაუნდობლები და მკაცრები იყვნენ, მაგრამ მათი ტალანტი და ვაჟკაცობა ღირდა იმად, რომ პატივი ვცეთ და მივუძღვნათ მუსიკალური ალბომები“ –  ეს ფრაზები და შთაბეჭდილებები ვიკინგ მეტალის მსმენელებს და თაყვანისმცემლებს ეკუთვნით.

რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ ეს ორიგინალური და საინტერესო მუსიკალური მიმართულება, რომელიც წარსულში ბლექ–მეტალის შემსრულებელი ჯგუფების მიერ შეიქმნა. გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჟანრს გაცილებით მეტი საერთო ფოლკ–მეტალთან აკავშირებდა. დღეისათვის, ვიკინგ–მეტალ ჯგუფები ქმნიან ბრწყინვალე მუსიკას – ფოლკის და ბლექის ნაზავს. ზოგადად კი, ვიკინგების და სკანდინავიური მითოლოგიის, დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მისტიური სამყაროს თემატიკა ყოველთვის პოპულარული იყო ჰარდ–როკსა და მეტალში.

მართლაც უცნაურია. ეს ჟანრი ვიკინგების ეპოქის დასრულებიდან თითქმის 1000 წლის შემდეგ წარმოიქმნა და უძველესი `ფიორდების ხალხების” კულტურა და აზროვნება კვლავ გაახსენა დედამიწას. ვინ იყვნენ ვიკინგები? ცნობილია, რომ ისინი სხვადასხვა ეთნოსებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც შესანიშნავად ესმოდათ ერთმანეთის, რაც ბუნებრივია: ამ ქერათმიან მებრძოლებს ხომ მრავალი რამ აერთიანებდათ: დაწყებული მათთვის მშობლიური ჩრდილოეთის მიწით და დამთავრებული ერთი ღვრთაებით. ეს ამაყი ხალხი გამოირჩეოდა რელიგიურობით, თაყვანს სცემდნენ ოდენს, “ყველა ღმერთის მამას,” სწირავდნენ მსხვერპლს და ადიდებდნენ.

ვიკინგებს სწამდათ იმქვეყნიური არსებობის და ამიტომაც სიკვდილი მათ არ აშინებდათ.      

გავიდა საუკუნეები და მსოფლიოს ინტერესი ამ იდუმალებით მოცული ხალხისადმი მუსიკაშიც გამოვლინდა.

ვიკინგების თემა ჯერ კიდევ „Led Zeppelin“ – ის თუ „Black Sabbath“ – ის სიმღერებში გვხვდება. თუმცა, ვიკინგ მეტალის, როგორც ცალკე ჟანრის დამაარსებლად შვედური ჯგუფი „Bathory“ ითვლება, რომელმაც 1988 წელს თავისი მეოთხე მუსიკალური ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით „Blood Fire Death.“ მან სხვადასხვა დეტალი ბლექ მეტალიდან შეითვისა, მაგრამ ტექსტები მთლიანად სკანდინავიური, საოცარი მითოლოგიის  ეპიკური და დიადი ისტორიების შინაარსით არის გაჟღენთილი.

ჯგუფის კოლექტივი ამაზე არ გაჩერებულა. შემდეგი სიახლე ახალ ჟანრში გახდა ალმობი „ Hammerheart,“ რომელიც 1990 წელს გამოვიდა. შემსრულებლებმა სკანდინავიური ხალხური ინსტრუმენტების საშუალებით ექსპერემინტები ჩაატარეს, მუსიკა უფრო ნელი და მელოდიური გახდა. შინაარსის მიხედვით კი ეს იყო ტექსტები მამა–შვილის სულიერ მზაობაზე ვიკინგების ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, რათა გმირულად დაცემულიყვნენ ბრძოლის ველზე და მიახლებოდნენ ვალჰალს - უძველესი სკანდინავიური ლეგენდების მიხედვით, საოცარ ქვეყანას, სადაც გარდაცვლილთა სულები ხვდებოდნენ. ალბომმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ვიკინგ მეტალის განვითარებაში.

შემდგომ, 80-იანების დასარულს და 90-იანების დასაწყისში გამოჩენილ ვიკინგ–მეტალისტებს შორის გამორჩევიან: „Enslaved,“ „Falkenbach,“ „Einherjer“ და „Ancient Rites,“ ამ ჯგუფებმაც ბლექ მეტალით დაიწყეს და შემდეგ გადაერთვნენ ახალ ჟანრზე. მუსიკას ასრულებენ იმ ხალხური მელოდიების და ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებსაც სკანდინავიელების ორიგინალური და ნიჭიერი წინაპრები იყენებდნენ. 

ამ მიმართულებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ვიკინგ მეტალი. 2000–იანი წლებიდან ჟანრის განმავითარებლები გახდნენ  „Turisas,“ „Týr,“ „Ensiferum,“ „Finntroll,“ „Equilibrium ,“ „Moonsorrow,“ საომარი თემატიკა, მებრძოლების, ომების შესახებ, და ზოგადად, სკანდინავიური მითოლოგია დარჩა შეუცვლელი. ვიკინგ მეტალი სხვადასხვა ქვეყნებში – დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, რუსეთში, ბრაზილიაში გავრცელდა და პოპულარულიც გახდა.

თუმცა, როგორც სიტყვა „ვიკინგი“ იწვევს სკანდინავიის ასოციაციას, ისევეა ეს ჟანრიც. ვიკინგ-მეტალის მოყვარულები აცხადებენ, რომ ჟანრში მუსიკაზე მეტად ტექსტებია მნიშვნელოვანი, ტექსტები ვიკინგებზე - მათ გმირობებზე, მოგზაურობებზე, საკუთარი მიწის დაცვასა თუ სხვათა ტერიტორიების დაპყრობაზე და ყველაფერ იმაზე, რაც ისტორიის ამ საოცარ და გამორჩეულ ხალხს უკავშირდება, რომელთაც დედამიწაზე საკუთარი ეპოქა შექმნეს.