
ვაზისუბანში ბინა გაქურდეს, ნუცუბიძეზე კი მამაკაცი დაჭრეს
11:31:31     25-04-2013
ძარცვა, ყაჩაღობა, მკვლელობა, მსგავსი კრიმინალური შემთხვევები პირველი ოქტომბრის შემდეგ დღითი-დღე იზრდება. მოსახლეობა აქტიურად საუბრობს, რომ კრიმინალური გარემო, ბესელია-კაკაბაძის მიერ ამნისტირებული პატიმრების გათავისუფლების შემდეგ, კიდევ უფრო გაუარესდა.
ყაჩაღობა მოხდა ვაზისუბანში, სადაც ახალგაზრდა ქალს ბინის კარი მოტყუებით, ციხიდან ახლახან გამოსულმა ქალმა გააღებინა. როგორც დაზარალებული ყვება, დამნაშავემ დიასახლისი მოატყუა, რომ თითქოს ახალი მეზობელი იყო და მრიცხველთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.
კარის გაღების შემდეგ ბინაში, ქალთან ერთად, ორი მამაკაცი შევარდა. დიასახლისი "სკოჩით" გაკოჭეს და ბინა გაქურდეს. დაზარალებულმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა და ქურდი ქალბატონიც ამოიცნო. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილს რამდენიმე თვის წინ, ამნისტია შეეხო. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.
კრიმინალური შემთხვევა დაფიქსირდა ნუცუბიძის მეორე პლატოზეც , სადაც 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. დაზარალებული ერთ-ერთი მაღაზიის დისტრიბუტორი იყო. მას თავს მაშინ დაესხნენ, როცა აღნიშნულ მაღაზიასთან იმყოფებოდა.
მამაკაცი ფეხშია მსუბუქად დაჭრილი და მას სამედიცნო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ამ ყველაფრის ფონზე კი, შს მინისტრი ბატონი ღარიბაშვილი სირაქლემას პოზაშია და თავის პირველ ჩვენებას აწვება, რომ თურმე ბოლო დროს, დანაშაულის მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო.