გიორგი ჭითანავა: მწვანე ხეებს ვრგავ, ახალაიები თვალით არ მყავს ნანახი...

  18:55:56     24-04-2013

„პრესა.ჯი“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილ  უფროსს, დათა ახალაიას სააღდგომოდ ზუგდიდში ელოდებოდნენ, საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. 

 „პრესა.ჯი“-ს რედაქციას,  გიორგი ჭითანავა დაუკავშირდა. ჭითანავა, რომელიც თავს ახალაიების ოჯახის ახლობლად ასაღებდა, რამდენიმე საათში სხვანაირად ალაპარაკდა.  მისი თქმით, კუდ-ის ყოფილ უფროსზე  ინფორმაცია, მხოლოდ პოპულარობის მოსაპოვებლად მოიგონა, რეალურად კი, ამ ადამიანებს არც კი იცნობს. 

გიორგი ჭითანავა: ახალაიაზე ინფორმაცია მოვიგონე, ალალს გეტყვით მოვიგონე,  მინდოდა პოპულარული გამხდარიყავი და პრესტიჟულ გამოცემას ჩემზე ესაუბრა.

თუმცა სინდისში რომ ჩავიხედე, ლამაზად არ გამომივიდა. ღვთის წინაშე შემიძლია ვთქვა, რომ არც დათა და არც ბაჩო ცხოვრებაში არ მყავს ნანახი. 

ჭითანავა ირწმუნება, რომ სიმართლის თქმა,  მოძღვართან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა. მისივე განცხადებით, როლანდ ახალაიას შტაბში არასდროს უმუშავია.

„დედა ეკლესიას ვემსახურები. მწვანე ხეებს ვრგავ და ამაში ვიღებ 2 ლარს“,- აცხადებს ჭითანავა. 

„პრესა.ჯი“ : დაახლოებით ორი საათის წინ, თქვენ ძალიან დამაჯერებლად საუბრობდით, რომ საქართველოში ჩამოსული ახალაია მერაბიშვილს დაუპირისპირდებოდა, თქვენ მესამე პოლიტიკური ძალის შექმნაც დაანონსეთ, ახლა ხმა გიკანკალებთ... 

გიორგი ჭითანავა: ამაზე მთელი ზუგდიდი საუბრობს, თუმცა პირადად მე ინფორმაცია გამოვიყენე და პოპულარობის მიზნით, მივაწოდე მასმედიას. როლანდ ახალაიას რაც შეეხება, არჩევნებისას მყავს ერთი-ორჯერ ნანახი. 

„პრესა.ჯი“ დაინტერესდა, რა შეხება აქვს გიორგი ჭითანავას ახალაიების ოჯახთან. ჩვენი ინფორმაციით,  წინასაარჩევნოდ, ჭითანავა ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ როლანდ ახალაიას გადაადგილებას უზრუნველყოფდა, იყო მისი საარჩევნო შტაბის წევრი. 

იხილეთ გიორგი ჭითანავას პირველი კომენტარი

ზუგდიდიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჭითანავა ზუგდიდში სარაჯიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს, ისევე როგორც როლანდ ახალაია. წყაროს ცნობით, ჭითანავა, ახალაიების ოჯახთან მჭიდრო კავშირშია. მეტიც ის როლანდ ახალაიას საოჯახო საქმეებს უგვარებს.