ირაკლი აბსანძეს დღის ბოლომდე გაათავისუფლებენ

  12:59:39     24-04-2013

ჟურნალ „ლიბერალის“ თანამშრომელი,  რომელიც სამართალდამცავებმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადატანის ბრალდებით,  გუშინ დააკავეს შესაძლოა,  დღის ბოლომდე გაათავისუფლონ. 

შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ირაკლი აბსანძე შესაძლოა დღის ბოლომდე გაათავისუფლონ. 

„შესაძლოა დღეს გამოუშვან.  სავარაუდოდ ბრალდება გადაკვალიფიცირდება“,- განაცხადა გიორგობიანმა. 

 „ლიბერალის“ ერთ–ერთი რედაქტორი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ირაკლი აბსანძე,  გუშინ დააკავეს. მას ბრალი სს კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც  11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ცნობილია, რომ  აბსანძეს საფრანგეთიდან მეგობარმა ამანათი გამოუგზავნა, რომელშიც მარიხუანა აღმოჩნდა. აბსანძე ამანათის გახსნამდე დააკავეს. აბსანძემ არ იცოდა, რა იდო ამანათში.