კანდელაკი : ივანიშვილს რუსეთის მიმართ არაფერი კრიტიკული არ დასცდენია

  16:55:58     23-04-2013

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შეფასებით,  ივანიშვილი კრიტიკული კითხვების ავტორებს  თავს ესხმოდა. „აქ ჩამოსული ლიდერები, ზოგადად თავიანთ ქვეყნებს იცავენ და არ ლანღავენ მათ. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრემიერმა ვერ, თუ არ დაიცვა საქართველო, საკუთარი ქვეყანა. საქართველოს მეგობრების კრიტიკულ კითხვებზე, იგი დეპუტატებს თავს ესხმოდა და სიცრუეში ადანაშაულებდა. 

ასეთი რამ, სტრასბურგში უბრალოდ არასოდეს არ მომხდარა. პოლონელი დეპუტატის კითხვაზე, პასუხისმგებელია თუ არა რუსეთი, 2008 წელს ქართველების ეთნოწმენდაზე, მას აბსოლუტურად არაფერი კრიტიკული რუსეთის მიმართ არ დასცდენია და თქვა, რომ ხალხმა პასუხი საკუთარ მთავრობას უნდა მოსთხოვოს. 

 იგი დაეთანხმა "ედინაია რასიას" კალაშნიკოვის მოთხოვნას, ოკუპაციის კანონის შეცვლასთან დაკავშირებით და პირდაპირ უთხრა მას, რომ საზღვრის უკანონო გადამკვეთს, მხოლოდ პატარა ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

მან პასუხი არ გასცა რუსი დეპუტატის აგუძაროვის ბრალდებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო და როცა მან იკითხა, ხომ არ დადგა დრო, რომ საქართველომ გააცნობიეროს რომ აფხაზებსა და ოსებს რუსეთთან უნდათ, კვლავ საქართველოს ლანძღვა დაიწყო. 

ივანიშვილს ქების ოდა მიუძღვნა იგივე აგუძაროვმა, რომელიც მან შეიფერა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრე ვიოლა კრამონმა (რამაც ძალიან გააკვირვა გერმანელი „მწვანეების“ მართლაც წამყვანი წევრი, მარი ლუიზ ბეკი). ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ კოსოვოსთან განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ იქ დამკვირვებლებს უშვებდნენ. 

სიტყვა ეთნიკური წმენდა არც დასცდენია. ჩიორას ცემასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არ იყო ძალადობა ქალზე, არამედ ოპოზიციის პროვოკაცია და რომ პოლიცია კარგად მოიქცა. არც ერთი სიტყვით არ შეუხსენებია რუსეთისთვის საკუთარი ვალდებულებები, ევროსაბჭოს საპარპლამენტო ასამბლეის რეზოლუციებთან და ეთნიკური წმენდის/დევნილთა დაბრუნების საკითხთან მიმართებაში", - ამბობს კანდელაკი.