ივანიშვილს თავი, კოალიციის ოფისში ჰგონია

  14:47:48     23-04-2013

„თარჯიმანი ნერვიულობს“, „ვერ გავიგე რა უნდა, ღია კარების მტვრევას ცდილობს“ „ცალმხრივი ინფორმაციები გქონდათ“, „გაიმეორეთ კითხვა, ვერ გავიგე“ - ეს ის პასუხებია, რომელიც საქართველოს პრემიერს კონკრეტულ კითხვებზე აქვს. 

ამ წუთებში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილს,  სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შეკითხვებს უსვამენ. 

შეკითხვა, რუსული დელეგაციის წარმომადგენელმა - კალაშნიკოვმაც დასვა. რუსეთის წარმომადგენელი დაინტერესდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით. 

აღნიშნული კითხვის საპასუხოდ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში,  ცვლილებები არ იგეგმება. 

 ივანიშვილს, კიდევ ერთხელ მოსთხოვეს დაეკონკრეტებინა, დაიჭერენ თუ არა უცხო ქვეყნიდან ჩასულ ადამიანებს თუ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებს გადალახავენ, რასაც პრემიერის ჩურჩული მოჰყვა: „ვერ გამიგია რა არ მოსწონთ? ეს ღია კარის მტვრევაა“. 

რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის კითხვას, EPP-ს განცხადებასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ევროპის სახალხო პარტიას ცალმხრივი ინფორმაცია ჰქონდა. 

„მე მიმაჩნია, რომ ზოგიერთი გამოთქმა სახალხო პარტიის წარმომადგენლებისა და სხვა ევროპის სტრუქტურის წარმომადგენლების მიმართ, ძალიან ხშირად ეფუძნებოდა ცალმხრივ ინფორმაციას, რომელსაც ავრცელებენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები.  ძალიან ბევრ წარმომადგენელს შევხვდი ევროპის სახალხო პარტიიდან  და ძალიან დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ის გაუგებრობები, რომლებიც არსებობდა ცალმხრივი ინფორმაციების მიწოდებაზე დაყრდნობით,  მომავალში აღარ მოხდება და ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველასთან -  ევროპის სახალხო პარტიასთან," - განაცხადა ივანიშვილმა.