სოსო რობაქიძე: მთავრობა ოქრუაშვილს მფარველობს...
13:54:19     23-04-2013
„სად არიან ის პარტიები, რომლებიც სანდროს და ბუტას სახელებს ატრიალებენ, ზოგმა სკამი მოირგო,ზოგი კაბინეტში შევიდა. ვერ გავიგე, რატომ არ ახსენებენ ამ თემებს”,- ეს კითხვა დღეს, ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ „პირველი რადიოს“ რადიო-კლუბიდან დასვა.
რობაქიძე ეჭვობს, რომ მოქმედ მთავრობაში არიან ადამიანები, ვინც ირაკლი ოქრუაშვილს „კრიშავს“. რობაქიძე: რატომ ინახავენ ოქრუაშვილს. მაქვს ეჭვი,რომ მას ვიღაცა მფარველობს. ადამიანს, რომელსაც მე და ენუქიძემ „სიკვდილის ბრიგადის“ წევრი ვუწოდეთ, სამსახურეობრივი გადაჭარბებაც ვერ აღმოუჩინეს და გამოუშვეს. კარგად იცით 7 ნოემბერი რამ მოიტანა, ეს ამბები, რომ არ მომხდარიყო, ამ მთავრობას არ გაუშვებდნენ. მე, 9 წელია ვუძლებ ამ ყველაფერს და კიდევ 2 წელი ვეღარ გავუძლებ.
რობაქიძემ, საქმის, სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნა არ გამორიცხა. ბუტა რობაქიძის მამა, მთავარი პროკურორისაგან ჟურნალისტ ქეთი ხოსიტაშვილის დაკითხვას მოითხოვს. რობაქიძის თქმით, ხოსიტაშვილი მკვლელობის დროს, გადაცემა „პატრულში“ მუშაობდა და ყველა დეტალის შესახებ ინფორმაცია გააჩნია.
„შესაძლებელია ეს პროკურატურამ იცის, მაგრამ ყურადღებას რატომ არ ამახვილებს არ ვიცი. ან შეიძლება, ბატონი არჩილის ყურამდე არ არის მისული. ეს მოწმე გახლავთ ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი, რომელიც მაშინ იყო გადაცემა „პატრულის“ მენეჯერი და მის გარეშე არაფერი კეთდებოდა ამ გადაცემაში. ეს ადამიანი, უბედურების მეორე ან მესამე დღეს ამბობს, რომ პროკურორი მოვიდა, ეს იყო ირაკლი წერეთელი, დიდუბე ჩუღურეთის პროკურორი. მიკვირს კიდევაც, ეს კაცი რატომ არის დღეს ისვე მოქმედი პროკურორი.
ამის შემდეგ, ეს ადამიანი ითხოვდა კასეტას, რომელიც იცოდა წერეთელმა რომ გადაღებული იყო. თვითონ ქეთი იჯდა იქ, როდესაც წერეთელი მივიდა და დონაძეს ესაუბრებოდა. გურამ დონაძე მანამდე ესაუბრა ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც უთხრა დონაძეს, რომ ვიდეო– ფირი პროკურორისთვის არ ეჩვენებინა და ოქრუაშვილთან აეტანა. ამის შემდეგ, დონაძემ ქეთის და იქ მყოფ ადამიანებს უთხრა, რომ ოქრუაშვილი ამ კასეტას სთხოვდა. ყოფილმა მინისტრმა, ეს კასეტა მეორე, მესამე დღეს უკვე ნახა“ - განაცხადა რობაქიძემ.
„პრესა.ჯი“ ხოხიტაშვილთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ჟურნალისტი, კოლეგების ზარებს არ პასუხობს.