ბიძინას რეიტინგმა დაიკლო

  13:56:42     22-04-2013

NDI-მ, სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტში“, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა.

გამოკითხულთა უმრავლესობას  92%-ს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს. პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ამ კვლევაში 7 %– ით შემცირდა. ის გამოკითხულთა 73 %- ისთვის აღმოჩნდა მისაღები. 

8 %– ით შემცირდა ეკა ბესელიაც რეიტინგი, ამჯერად მას, 53%-მა დაუჭირა მხარი.  გამოკითხულთა უმრავლესობა, პარლამენტის საქმიანობას ახლა უფრო დადებითად აფასებს, ვიდრე გასული წლის აგვისტოში. 

NDI-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 3% პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 27% კი – კარგად. 

როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლუის ნავარომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალაა. 

NDI-ის კითხვაზე,  რომელია ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში, გამოკითხულთა 6% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება". გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ არცერთი პარტია არ არის ძლიერი ოპოზიცია, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა", "ლეიბორისტული პარტია", "ქდმ" და პარტია "თავისუფალი საქართველო" საქართველოს მოსახლეობის 1-1%-ს  მიაჩნია ძლიერ ოპოზიციად. 

რაც შეეხება  "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივან ვანო მერაბაშვილს,  ის გამოკითხულთა  26% –ს მოსწონს, უშიშროების მდივანი გიგა ბოკერია კი - 8%-ს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გამოკითხულთა 31% მოსწონს, ხოლო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი - 59%. 

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე,   36% მოსწონს, სახალხო დაცველი უჩა ნანუაშვილი კი - 18%. შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-27 მარტის პერიოდში,  საქართველოს მასშტაბით 3103 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.