მოსკოვისადმი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილება და უფლებები ოკუპირებული რეგიონებისთვის

  18:31:56     20-04-2013

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა დღეს განაცხადა, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის წინაშე მოსკოვთან მიმართებაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეცვლის საკითხს დააყენებს.

„ჩვენ ვაპირებთ კითვები დავუსვათ, რამდენად აპირებს ის შეცვალოს საგარეო პოლიტიკა  რუსეთთან მიმართებაში, რადგან ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლების ყველა ოფიციალური განცხადება იმ საგარეო პოლიტიკაში ჯდება, რასაც სააკაშვილი ატარებდა“ - განახადა პუშკოვმა და დასძინა, რომ რუსეთს სურს გაიგოს, „როგორი იქნება ცვლილება, რომელიც იძლევა საფუძველს ჩავთვალოთ, რომ საქართველოსთან ვითარების გაუმჯობესების საფუძველი არსებობს“.

ბიძინა ივანიშვილი 21 აპრილს სტრასბურგში  გაემგზავრება, 23-ში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

როგორ „ვზგლიად.რუ“ წერს, სესიის ფარგლებში დაგეგმილია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს დელეგაციების პირველი შეხვედრა სრული შემადგენლობით.

პუშკოვის თქმითვე, შეხვედრაზე იგეგმება დაისვას საკითხი, რათა ასამბლეაში სამუშაოდ დაუშვან აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის წარმომადგენლები.

„ამ ასამბლეას პირველად დაესწრებიან კოსოვოს პარლამენტის წარმომადგენლები... ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი კოსოვოს მიმართ გადაწყვეტილებისა, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სხვა არაღიარებულ სახელმწიფოებზეც უნდა გავრცელდეს - აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრიპირეთზე“ - განაცხადა პუშკოვმა. მანვე განმარტა, რომ კოსოვოს წარმომადგენლების სტატუსი ასამბლეაზე მკაცრად განსაზღვრული არ არის, მაგრამ მათ მაინც აძლევენ სხდომათა დარბაზში ყოფნის უფლებას - ისე, რომ არც კომისიაში მუშაობის და არც ხმის უფლება აქვთ.

პუშკოვი თვლის, რომ სახელმწიფოს სტატუსის მიუხედავად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაიშვებოდნენ ტერიტორიები, რათა მათ „კანონიერ წარმომადგენლებს ჰქონდეთ საშუალება იმ პრობლემებზე ისაუბრონ, რომლებსაც ამ ქვეყნების - აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობა აწყდება“ - დასძინა მან.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლის პოზიციით, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია იმ ქვეყნის თანხმობა, რომელსაც ტერიტორიები გამოეყვნენ. რუსეთი მოითხოვს, რომ ვინაიდან "ასეთი ტერიტორიები არაერთია და ისინი სისხლიანი კონფლიქტების შედეგად გამოეყვნენ ამა თუ იმ ქვეყანას", მათაც უნდა ჰქონდეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის ხმის მიწვდენის უფლება.