იარაღის მიყიდვა საქართველოსთვის? აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა - ამბობს პენტაგონი

  17:59:36     14-01-2011

თავდაცვის დეპარტამენტი უარყოფს მოსკოვის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ობამას ადმინისტრაცია მალე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოსთან იარაღის მიწოდებას აღადგენს.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასმა“ რუსული საიდუმლო სამსახურების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ობამას ადმინისტრაციამ „გამოხატა მზადყოფნა მიაწოდოს საქართველოს… ათობით  მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება“.

ითქვა, რომ „ასეთი დაპირებები შარშან დეკემბერში ვაშინგტონში ვიზიტის დროს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძეს მისცეს თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ალექსანდრე ვერშბოუმ და სენატორმა ჯონ მაკკეინმა (რესპუბლიკელი, არიზონას შტატი)“.  

„იტარ-ტასის“ თანახმად „მიწოდებები, აშშ-ს მიმდინარე პრაქტიკის თანახმად, მესამე ქვეყნების საშუალებით განხორციელდება“.

მოსკოვის მიერ გავრცელებული ცნობა ფართოდ გაშუქდა, როგორც რუსეთის ტელევიზიების, ასევე იმ ვებ-საიტების მიერ, რომლებიც ევრაზიის საკითხებზე მუშაობენ.მაგრამ ხუთშაბათს, პენტაგონის სპიკერმა ეს ცნობა კატეგორიულად უარყო.

„ინფორმაცია შეერთებული შტატების მიერ მესამე ქვეყნების საშუალებით საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ, აბსოლუტურად მცდარია“, – განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვენდი სნაიდერმა, რომელიც ამ რეგიონში თავდაცვის პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი. ისეთი შეკითხვები, როგორიცაა „მზადაა“ თუ არა აშშ იმისთვის, რომ საქართველოს იარაღი მიაწოდოს, სნაიდერმა სახელმწიფო დეპარტამენტისკენ გადაამისამართა.

მანამდე კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს კითხვა პენტაგონისკენ გადაამისამართა. თეთრმა სახლმა ჩვენს თხოვნას ამ საკითხზე კომენტარი გაეკეთებინა, არ უპასუხა.         

ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ რუსული ცნობების გავრცელება, დროში იმ ეჭების წარმოქმნას ემთხვევა, რაც ამ კვირაში ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს უკავშირდება. ოთხშაბათს ის კონგრესის სპიკერს ჯონ ბეინერს (რესპუბლიკელი, ოჰაიოს შტატი) შეხვდა.

მაკკეინმა, რომელმაც ახლახანს კვლავ განაცხადა, რომ მხარს უჭერს აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას, კომენტარზე თხოვნას არ უპასუხა.

ობამას ადმინისტრაციამ უარი განაცხადა იარაღის მიყიდვაზე საქართველოსთვის, რომელმაც, ევროკავშირის გამოძიების თანახმად, 2008 წელს რუსული ინტერვენციის პროვოცირება მოახდინა.

თუმცა ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ „შეტევის შემდეგ რუსეთის ინტერვენცია საქართველოში უკანონო და დაუსაბუთებელი გახლდათ, და რომ რუსეთის მიერ მხადაჭერილმა ოსურმა მილიციამ ქართული სოფლების ეთნიკური წმენდა ჩაატარა“, – იუწყებოდა Washington Post.  

ახლახანს WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული სახელმწიფო დეპარტამენტის წერილების თანახმად, შეერთებული შტატების ელჩი რუსეთში ამტკიცებდა, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა დააზიანებდა აშშ-ს და მოსკოვს შორის ურთიერთობების „გადატვირთვის“ ან აღდგენის ძალისხმევას.

foreignpress.ge