სააკაშვილი: „არ მოგცემთ საშუალებას, უღალატოთ ქვეყანას და მტერს ჩააბაროთ“

  18:19:14     19-04-2013

მე არ მოვსულვარ პოლიტიკში იმისთვის, რომ რაიმე თანამდებობა დამეკავებინა, ან სამიტებზე მევლო. მე მოვედი იმიტომ, რომ მიყვარხართ თქვენ! იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ვიქნები, გავიმარჯვებ და თქვენთან ერთად მოვკვდები.

ვინ ვართ ჩვენ დღევანდელი ხელისუფლებისთვის - არაფერი.  უკანასკნელი შვიდი თვენ, თქვენ დაკითხვებზე გატარებდნენ,  თქვენ გაპატიმრებდნენ,  თქვენ გაშინებდნენ,  ხელებს გიგრეხდნენ, სამსახურიდან გაგდებდნენ, მაგრამ მაინც მოხვედით. ბევრს არ ესმის, რომ ყველაფერი მილიარდებით არ იყიდება, ყველაფერი ფულზე არ იცვლება, რომ აქ "ჯიპებისთვის", ბიზნესისთვის, ყაზახური ტვირთების და მილიონერობისთვის არ მოვსულვართ. ჩვენ მოვედით ჩვენი ღირსებისა და სამშობლოსთვის",- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა აქციაზე.

„თუკი რამედ ღირდა ბოლო წლების ბრძოლა, იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ეთქვა - საქართველო არ იყიდება.  დღევანდელ მთავრობას ძალიან გაუმართლა, რადგან რუსთაველის გამზირზე, გაბრაზებული ხალხი არ შეკრებილა.  როცა ჩვენ ვიყავით მთავრობაში, გვყავდა ძალიან ბრაზიანი ოპოზიცია. ახლა კი პირიქით, ვართ იმედიანი ოპოზიცია და რატომღაც მივიღეთ ბრაზიანი მთავრობა. შეგვხედეთ ჩვენ, თუ ვართ იმედიანად, თქვენც იყავით იმედიანად. საქართველოში უნდა იყოს იმედიანი მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება.

დღევანდელი დღე მთავრობისთვისაც გამოღვიძების დღეა. ის ლოზუნგები, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გაანადგურებენ, დაშლიან, ლოზუნგებად დარჩა. ვიღაცეები იყიდეს და სხვადასხვა გზით გადაიბირეს, თუმცა ეს არიან ცალკეული მოღალატეები, ვინც ვირთხებივით გაიქცა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა სურვილი მთავრობას დაეხმაროს.  „დაგიტოვეთ მაგარი შენობები და კომფორტული კაბინეტები, გზები და ინფრასტრუქტურა, პოლიციის სტრუქტურები, მილიარდობით ლარი იმ პროგრამებისთვის, რომელსაც ახორციელებთ. ჩვენი ოპოზიცია ღალატზე ფიქრით ცხოვრობდა და იღვიძებდა იმის ფიქრით, როდის გაქცეულიყო კრემლში და იქ მიეღო აღლუმები. თქვენ კი, გყავთ ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ქვეყანა, ვინც ათენებს და აღამებს სამშობლოს კეთილდღეობაზე ფიქრში და არ მოგცემთ საშუალებას, უღალატოთ ქვეყანას და ის მტერს ჩააბაროთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.