
ნადირაშვილი, აქციასთან დაკავშირებით, რეგიონებში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს
12:37:03     19-04-2013
„ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებების შედეგად, პოლიცია გონზე მოვიდა და რეგიონებიდან მომავალ კოლონებს აღარ აფერხებს, თუმცა პრობლემები ისევ რჩება“,- აღნიშნული განცხადება, უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ირმა ნადირაშვილს ეკუთვნის.
“რეგიონებში დადის ზედამხედველობის სამსახური, ხელს აწერინებენ ადამიანებს, რომ არ წავლენ მიტინგზე. თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კი, მაინცდამაინც დღეს სანიტარული დღე გამოცხადდა", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
დეპუტატმა, დღევანდელ ბრიფინგზე მაია სორდია და სოფიო კვარაცხელიაც წარადგინა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ, მესტიის გამგეობაში თანამდებობებზე აღადგინა.
ირმა ნადირაშვილმა მათ სამსახურში დაბრუნება მიულოცა და აღნიშნა, რომ მაია სორდია, დღევანდელ მიტინგზე, სიტყვითაც გამოვა. „მათნაირი ადამიანი საქართველოში 5 ათასზე მეტია. ეს ქალბატონები არიან მაგალითი, რომ ბრძოლას აზრი აქვს და შენი სიმართლის დამტკიცება შესაძლებელია. ყველას მოვუწოდებ, იბრძოლონ და დაბრუნდებიან სამსახურებში. მაია სორდია ჩვენს აქციაზეც გამოვა და შეკრებილებს ეტყვის, როგორ იბრძოლონ თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ნათესავების მიყვანა სამსახურში გამართლებული გზა არ არის“, - დასძინა ირმა ნადირაშვილმა