გაბაშვილის თქმით, პოლიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს აშინებს

  18:50:59     18-04-2013

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა  გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით რეგიონებში პოლიციელების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაშინების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

 გაბაშვილი აცხადებს, რომ თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში პოლიციის უფროსები და საკრებულოს წევრები იბარებენ ,,ნაციონალების" აქტივისტებს და ემუქრებიან, რომ არ გაბედონ 19 აპრილის აქციაზე მისვლა. 

გოკა გაბაშვილი:  სამეგრელოში ზუგდიდის პოლიციის უფროსის ხარებავას, მეტსახელად კორმას და მის მოადგილის გია ყალიჩავას დავალებით დადიან თანამშრომლები და ვისაც თვლიან ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებად სამეგრელოს რეგიონში ემუქრებიან და აფრთხილებენ არ გაბედონ თბილისში წასვლა. სამცხე-ჯავახეთში  აქტიურობს დაცვის პოლიციის უფროსი ჯიმშერ გოგოლაური, აბასთუმანში ოლეგ აბროლიშვილი,  ახალციხეში  რაბათის დირექტორი ელგუჯა ბიჭაშვილი.  „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით ძალოვანები  ქვემო ქართლშიც გააქტიურდნენ. 

„ლაშა ლეთოდიანი იბარებს ჩვენს აქტივიტებს და აფრთხილებენ მათ. გურიაში ვინმე სიხარულიძე, რომელიც ასრულებს პოლიციის უფროსის მოვალეობას და დანიშნულიც არ არის, ირაკლი ჩალეიშვილი საკრებულოს თავრმჯდომარე აჭარაში პირადად ხვდება და იბარებს აქტივისტებს. გაწონასწორებულობით ცნობილი პოლიციელი თელია ამითაა დაკავებული. ასევე იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი გამეზარდაშვილის ქუთაისის პოლიციის უფროსი მთელი პოლიცია ჩართულია თბილისის გარდა,"- აღნიშნა გაბაშვილმა. 

რაც შეეხება კახეთს, აქტივისტების დაშინება ოპოზიციის ლიდერის თქმით, პოლიციის უფროსმა თამაზ თამაზაშვილმა ითავა. 

„კახეთში თამაზ თამაზაშვილი პირადად დადის. მიდის საქირაო ტრანსპორტთან და აფრთხილებს რომ არ გაბედონ თბილისისკენ დაძვრა. ასევე კახეტის გენ. ინსპექციის უფროსი ჯანყარაშვილი, რომელიც გავიგეთ რომ არ არის ღარიბაშვილის ნათესავი და მისი ცოლის ნათესავია,"- აცხადებს გაბაშვილი. 

საუბრის ბოლოს უმცირესობის წევრმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთ დღიან, მშვიდობიან აქციას მართავს, რომლის მიზანი სხვა ოპოზიციონერების მსგავსდად ხელისუფლების დამხობა არ არის.  გაბაშვილის ინფორმაციით,  ადიგენში ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული, რომელიც ჩართული იყო აქციის ორგანიზებაში დაკავებულია. „დეტალებს ვარკვევთ, რა შეთითხნილი ბრალდებით არის დაკავებული და დაჭერილი სოფლის რწმუნებული", - განაცხადა გაბაშვილმა. 

გაბაშვილი: პანიკა, რომელშიც ხელისუფლებაა აქციის გამო სრულიად უსაფუძვლოა. ძალადობრივი მეთოდების გამოყენება საჭირო არ არის. სასაცილოა  რომ ხვალ დაიგეგმა ჩქაროსნული მაგისტრალის ხიდის ტესტიც, ამ პროცედურის გამო გადაიკეტება მოძრაობა დასავლეთ-აღმოსალეთის მაგისტრალზე. 

ბრიფინგის ბოლოს გაბაშვილმა ჯანსუღ ჩარკვიანის მოწოდება-ლექსზეც გააკეთა კომენტარი და მას სიველურის გამოვლინება უწოდა.