უსუფაშვილი: „ქართულ ოცნებას“, მსოფლიოში არაკეთილგანწყობილი გარემო დახვდა

  12:32:36     18-04-2013

დავით უსუფაშვილმა რადიო „თავისუფლების“ პრაღის შტაბ-ბინაში სტუმრობისას განაცხადა,  რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“,  მსოფლიოში არაკეთილგანწყობილი გარემო დახვდა, მაგრამ ახლა, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებს ეჭვი აღარ ეპარებათ, ქვეყნის ხელისუფლების პროდასავლურობაში.

„ვინც საქართველოთი ინტერესდებოდა, მათ წინა ხელისუფლების პროპაგანდით ჰქონდა შეცვლილი წარმოდგენები ქვეყნის თაობაზე.  შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით მოგახსენოთ,  რომ აშშ-ში, ევროპაში, არ მეგულება სერიოზული პოლიტიკოსი, ვინც ფიქრობს, რომ დრო უნდა დახარჯოს იმის კვლევაზე, კოალიცია  „ქართული ოცნება“  პროდასავლური, პროევროპული და პრონატოურია თუ არა.  

ხშირად მიწევს იმის თქმა, რომ ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის, გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, არის ქართული დემოკრატიის ამოცანა.  ეს არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალური პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს;   მაგრამ თავად ნაციონალური მოძრაობა რამდენად გაუძლებს ამ განსაცდელს, არ გადაყვება შიდა გაუგებრობებსა და შეჯახებებს, ჩემი საქმე არ არის. მე ვისურვებ, რომ მისი შედარებით ჯანსაღი ნაწილი ამ პროცესიდან უვნებელი გამოვიდეს“ –განუცხადა უსუფაშვილმა რადიოს „თავისუფლებას“.