უწყებათაშორისი კომისია შსს-ს მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებაზე საუბრობს

  23:34:56     17-04-2013

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია შეშფოთებას გამოთქვამს მედიით გავრცელებული იმ ვიდეო კადრების გამო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ხევენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კედლიდან ნაციონალური მოძრაობის 19 აპრილის აქციის პლაკატებს.


კომისია ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომისიის თავჯდომარე გიგა ბოკერია მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პატრულის თანამშრომლების მხრიდან პლაკატების თვითნებურ ჩამოხსნას ჰქონდა ადგილი და რომ სამინისტრო ამ ქმედების შესწავლას მოახდენს. თუმცა, ამასთანავე, კომისიის თავჯდომარის აზრით, საპატრულო პოლიციის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის შეფასება იმის შესახებ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სააგიტაციო პლაკატის აკრძალულ ადგილზე განთავსებას ჰქონდა ადგილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას წარმოადგენს.

ამასთან, კომისია განმარტებას აკეთებს ზოგიერთ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რაც უწყებრივ კომპეტენციებს და სააგიტაციო მასალების განთავსების წესს შეეხება:

„საარჩევნო კოდექსის 46 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული.“ საარჩევნო კოდექსი ადგილობრივ თვითმმართველობებს ავალებს განსაზღვროს ადგილები, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩენო პლაკატების გაკვრა ეკრძალებათ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ 2012 წლის 10 სექტემბერს გამოსცა რეკომენდაცია, რომლითაც მოუწოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების არეალი გაეფართოვებინათ და ადგილების შეზღუდვა მხოლოდ გონივრულობის ფარგლებში მოეხდინათ. კომისიის რეკომენდაციის თანახმად, ასეთია, ერთის მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი ადგილები - საკულტო და კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები, ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სასამართლოები, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერი და ექსტერიერი, საგზაო ნიშნები; მეორეს მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ განსაზღვრული კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქტიტექტურული ობიექტების იერსახისა  და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების მქონე ადგილები.

თბილისის მერიამ 2012 წლის 9 აგვისტოს №20.01.758 დადგენილებით, განსაზღვრა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსება იკრძალება. აკრძალული ადგილების ჩამონათვალში ბუშის ქუჩა, სადაც აღნიშნულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მითითებული არ არის. ამდენად, გაურკვეველია, თუ რას ეფუძნება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირის განცხადება იმის შესახებ, თითქოს პლაკატის გაკვრას აკრძალულ ადგილზე ჰქონდა ადგილი.

ამასთანავე, საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს. კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად კი, მსგავსი ქმედება  - 1000 ლარით, თანამდებობის პირის შემთხვევაში კი 2000 ლარით ჯარიმდება.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავჯდომარე მოუწოდებს თბილისის მერიას:

დროულად შეისწავლოს აღნიშნული ინცინდენტი და სათანადო რეაგირება მოახდინოს მასზე;

ამასთანავე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო, კომისიის თავჯდომარე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

რეაგირება მოახდინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე;

განუმარტოს თავის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მათი კომპეტენციები, რათა ხელი არ შეეშალოს საარჩევნო სუბიექტების სრულფასოვან კომუნიკაციას თავიანთ ამომრჩევლებთან“ - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.