„ფეისბუქურ“ ინტრიგებს ლაშა ნაცვლიშვილი ხლართავს?!

  17:45:59     17-04-2013

სოციალურ ქსელ "facebook"–ის დამფუძნებელ, 26 წლის მარკ ცუკერბერგს თამამად შეუძლია იამაყოს. მის პროდუქტს, მსოფლიოსა და საქართველოში რიგით მოქალაქეებთან ერთად, სახელმწიფო უწყების მაღალჩინოსნებიც აქტიურად იყენებენ. 

ცივილიზაციას, ქართველებმაც მაღალი ტემპით აუღეთ ალღო. დღეს პოლიტიკოსების, ექსპერტების, უბრალოდ ცნობილი სახეების შეფასებების გაცნობა, პირდაპირ მათივე კედელზეა შესაძლებელი.  „facebook პოლიტიკა“ იმდენად შემოვიდა მოდაში, რომ საქართველოს პრემიერი, პრეზიდენტს ოფიციალურ მიმართვას პირდაპირ „in box”-ში უგდებს და ოფიციალურ პასუხსაც „facebook“ ში ითხოვს. 

„პირველად გავიგე, რომ „ფეისბუქით" წერს პრემიერი პრეზიდენტს წერილს და ასევე "ფეისბუქით" ითხოვს პასუხს“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიმართვის კომენტირებისაც, რომელიც მისი თქმით მან „ფეისბუქში“ მიიღო. 

„ფეისბუქომანია“ სჭირთ ინტერპოლით ძებნილების სახელით განცხადებების გამავრცელებლებსაც. ბოლო დღეებია, ყველა,  „კუდ“-ს ყოფილი მაღაჩინოსნის დათა ახალაიას განცხადებებზე საუბრობს. 

ამ უკანასკნელის სახელით ხომ,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს,  დაბადების დღეზე სურპრიზი მოუწყვეს და საკმაოდ სერიოზული ბრალდებები წაუყენეს. 

განცხადებას ბრალდების ადრესატმა,  „ფეისბუქშივე“ უპასუხა და ეს ყველაფერი ხელისუფლების შიშს დაუკავშირა. რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელში ახალაიას სახელით, კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა, სადაც ხალაია უარყოფს წერილის ავტორობას. 

 „კუდი“-ს ყოფილი შეფის სახელით შექმნილ გვერდზე ვკითხულობთ: მინდა განვაცხადო, რომ მე, დათა ახალაიას, არ მეკუთვნის ინტერნეტში გავრცელებული წერილი და არც ფეისბუქის გვერდი. 

ყოველივე ეს, ხელისუფლების პროვოკაციად და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციად მიმაჩნია. ასევე სისულელედ ვთვლი იმ წერილის შინაარსს. 

ყველას კარგად მოეხსენება, რომ არც მე და არც ჩემი ძმა, ვინმესთან პირადული დაპირისპირების გამო, არ ვუღალატებთ საქართველოს ინტერესებს, რადგანაც სამშობლო ჩვენთვის უპირველესი ღირებულებაა. 

ყველას გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ მე მყარად გადაწყვეტილი მაქვს საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოსვლა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, განსაკუთრებით კი იმაზე, თუ როგორ გეგმავდა ამჟამინდელი ხელისუფლება 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში სამოქალაქო ომს და რა კავშირში იყო ეს ყველაფერი რუსეთის ხელისუფლებასთან. ამ ყველაფრის ფაქტობრივი მასალა გაგვაჩნია და ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება სულ მალე იხილავს. 

ბოლოს მინდა ჩემი მხარდაჭერა დავაფიქსირო 19 აპრილის მიტინგის მიმართ და ვთვლი, რომ მასზე ჩვენი ქვეყნის მომავალი წყდებ“ა. 

სოციალური სკანდალი ამით არ ამოწურულა, დღეს „ზურაბ ადეიშვილის აღსარებაც“ განთავსდა „ფეისბუკში“. ინტერნეტ სივრცეში, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილის სახელით გავრცელდა წერილი, სადაც  ისიც დუმილის დარღვევაზე საუბრობს. ახალაიას სახელით გავრცელებული წერილის მსგავსად, დღეს გამოქვეყნებულ მიმართვაში ანტი-გმირი ვანო მერაბიშვილია.  წერილის თანახმად,  „რაც ხდებოდა იმ დროს საქართველოში, ამ საქმეებს ძირითადად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეკვეთით ასრულებდა ვანო მერაბიშვილი, ასევე ძმები ახალაიები, მისი ქვეშევრდომები და შემსრულებლები იყვნენ და არაერთი ბოროტება აქვთ ჩადენილი“. 

ფეისბუქ პოლიტიკა, რომ 19 აპრილის საწინააღმდეგოდაა მიმართული, ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები სკანდალური განცხადების გავრცელებისთანავე საუბრობდნენ. 

არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს „ოპერაცია“ შს სამინისტროში, მთავარი პროკურორის ლაშა ნაცვლიშვილის იდეით დაიგეგმა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნაცვლიშვილმა არჩილ კბილაშვილს და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეს ჩანაფიქრი პირადად გაუმხილა. წყაროს ცნობით, ნაცვლიშვილამდე ამ იდეის ჩაწვეთება, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ითავა.     

„პრესა.ჯი“ ინფორმაციის გადამოწმებას ნაცვლიშვილთან შეცადა, თუმცა პროკურორის მოადგილე, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. კომენტარს არ აკეთებენ მთავარ პროკურატურაშიც. 

ამ ყველაფრის პარალელურად კი, სოციალური ქსელში,  გაურკვეველი ავტორების მიერ გამოქვეყნებულ წერილებს, ორიგინალური შეფასებები უკეთდება. 

„19- ის აქცია სანამ ჩაივლის, კიდევ რა განცხადებებს მოვისმენთ ნეტა? 

„კახა კალაძე აცხადებს, რომ ორი ავტოგოლი ვანო მერაბიშვილის გამო გაიტანა.“ 

„ბესო აცხადებს, რომ კესო ვანო მერაბიშვილის გამო გახდა“. 

„შორენა შავერდაშვილი აცხადებს, რომ მათემატიკას ვანო მერაბიშვილის გამო არ სწავლობდა“. 

"ვანო მერაბიშვილი აცხადებს რომ შსს-დან ვანო მერაბიშვილის გაპრემიერების გამო წავიდა" 

"მიშამაც ხელი პროტესტის ნიშნად მოიტეხა" 

"მარიკა აცხადებს, რომ რუსმა ჯარისკაცმა 106 წლის ბებო ვანო მერაბიშვილის დაკვეთით გააუპატიურა" - წერენ „ფეისბუქის“ მომხმარებლები.