
19 აპრილს იწყება ყველაფერი
15:37:04     17-04-2013
მე მინდა, ხელისუფლებას ვუთხრა. 19 აპრილს, არ მთავრდება ყველაფერი. 19 აპრილს იწყება ყველაფერი – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის აზრით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ეშინია 19 აპრილის. „ ყველაფერს აკეთებენ, რომ არ მოხდეს ხალხის შეკრება. დაბლოკილია ყველა რეგიონის ტრანსპორტი. გადადებულია ტრადიციული მარშრუტები. ხდება ზეწოლა, საკრებულოების, პარლამენტის წევრებზე, პარტიის აქტივისტებზე. ხდება ჩვენი, მათ შორის ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა. ხელისუფლებას ეს ვერ გადაარჩენს. ტყუილა ჰგონია ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ მიტინგის ჩატარებას.ჩვენი ყველა აქტივისტი ჩამოვა და ყველა მოვა რუსთაველზე“– აცხადებს მერაბიშვილი.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლების მცდელობა განხეთქილება შეიტანონ ნაციონალურ მოძრაობაში, ფუჭად ჩაივლის. „ჩვენ ამას ველოდით. სამწუხაროდ, ზოგმა ვერ გაუძლო ზეწოლას, მაგრამ ბირთვს ვერ შეაშინებენ. ჩემთვის ეს იქნება ერთი დიდი გაკვეთილი, მე ვაპირებ ვისწავლო ჩემს შეცდომებზე, რასაც არ აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. წინააღმდეგობა გვაძლიერებს ჩვენ. ზეწოლას, კარგი შედეგი არსად მოუტანია. ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ, ამის სწავლა მოუწევს ამ ხელისუფლებასაც“–აღნიშნა მან.
მერაბიშვილის განცხადებით, იგი ბოლომდე იბრძოლებს, არ აპირებს საქართველოს გარდა სხვაგან ცხოვრებას და მისი ბრძოლა მიმართული იქნება მისი ქვეყნის, ოჯახის და მეგობრების მომავლისათვის. „ჩვენ ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, შეასრულოს ვალდებულებები“ – დასძინა ვანო მერაბიშვილმა.