სააკაშვილი: დამიძახე ჩაუშესკუ, კადაფი... ოღონდ...

  22:57:15     16-04-2013

"ჩაუშესკუ დამიძახე, კადაფი, ოღონდ მილოშევიჩს როცა იძახი.. მილოშევიჩი იყო სპეციალური პროექტი. თუ შენ თავად იტყვი, რომ, სააკაშვილმა ჩაიდინა გენოციდი, დაივიწყე აფხაზეთი“- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნინო შუბლაძესთან პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, ხელისუფლებას რუსეთისგან აქვს დავალებული გაასამართლოს სააკაშვილი, შეცვალოს ოკუპაციის შესახებ კანონი. 

სააკაშვილმა რუსეთზე საუბრისას, შევარდნაძე გაიხსენა. „შევარდნაძემ რუსეთს  მისცა საქართველო. ახლა რომ იძახიან, ამ ტვინგაცხელებულ, იმპულსურ მიშას არ უნდა გადაემტერებინა რუსეთიო. მისცა შევარდნაძემ რუსეთს ყველაფერი. რა მიიღო ბოლოს? ტერაქტი მოუწყვეს, სადაც ძლივს გადარჩა. რუსეთმა გიორგაძეს პირადი თვითმფრინავი გამოუგზავნა და წაიყვანა და ცხოვრობს ტკბილად ახლა იქ“ . 

სააკაშვილის განცხადებით, საქართველო 2008 წელს კი არ დამარცხდა რუსეთთან, დღეს არის ომში დამარცხების საფრთხე. რუსეთი ელოდება, რომ ციხე შიგნიდან გატყდება, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საბოლოოდ დაიკანონოს.  

"საქართველო აღმოჩნდა პირველი ქვეყანა, გარდა ბალტიის ქვეყნებისა, რომელმაც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ თქვა, რომ დაიწყო ნამდვილი სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენ მათ მოვუსპეთ საშუალება შიდა მანიპულაციების და 2008 წელს შემოვიდა მთელი ჯარით. რუსეთის შემოსვლის მიზანი იყო არა თამარაშენი და კეხვი, არამედ ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველი, კავკასიელი და პოსტსაბჭოთა სივრცის შთამომავლებისთვის ეთქვა, რომ ყველანაირი ექსპერიმენტი მისი თანხმობის გარეშე დაისჯება. რუსეთის ამოცანა იყო თბილისი, ჩვენი დროშის ჩამოგდება. 

საქართველო აღმოჩნდა პირველი ქვეყანა ფინეთის შემდეგ, რომლის აღება მან ბოლომდე ვერ მოახერხა. გაბრაზებულმა მედვედევმა და პუტინმა, რომლებიც ჩხუბის შემდეგ იქნევდნენ ხელებს, თქვეს, რომ თუ ახლა ვერ მოვახერხეთ, მოვითმინოთ, ჩვენ მივიღებთ გარკვეულ პროცესებში მონაწილეობას საქართველოში. ავირჩევთ ახალ მთავრობას, ეს მთავრობა გაასამართლებს სააკაშვილს. თუ ჩვენ შევძლებთ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას, რუსეთი წავა ამ ტერიტორიიდან“ _ დასძინა სააკაშვილმა. 

რუსეთის თემამდე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ  პრეზიდენტობა, მისთვის მძიმე და უსიამოვნო პროცესია.

„პრეზიდენტი სამი წლის წინ და ახლა არის სრულიად სხვადასხვა რამ. პრეზიდენტობა სამი წლის წინ ჩემთვის იყო სულ სხვა მგზნებარების წყარო, რადგან ჩემი დილა იწყებოდა იმით, რომ განვიხილავდით, სად იწყებოდა მშენებლობა, სად რა იგეგმებოდა, სად რა ვითარდებოდა, ახლა კი ჩემი პრეზიდენტობა მძიმე და უსიამოვნო პროცესია, ეს თამამად შემიძლია გითხრათ, რადგან ყველა ჩემი პროექტი გაჩერებულია. ხშირად ვფიქრობ, რა მოხდებოდა, რომ კიდევ ერთი წელი დამცლოდა..  წყალტუბოში დავასრულებდით პროექტებს და გვექნებოდა მაგარი კურორტი, მაგალითად სვანეთში, სადაც ძალიან მაგარი კურორტებია.

 ერთი წელი რომ დამცლოდა, თეთნულდზე იქნებოდა ახალი კურორტი და მესტიაში აღარ იქნებოდა აღარცერთი დაუსაქმებელი ოჯახი. შეხედეთ, სად ვართ რუკაზე საქართველო, ეს ისეთი ოქროს საბადოა, რომელიც ღმერთმა მოგვცა, კანიონი, სადაც შეგვიძლია, ავაშენოთ ისეთი პორტი, სადაც ათობით ათას ადამიანს დავასაქმებდით. სერიოზულ შეთანხმებებს ვაღწევ, მაგრამ ვინ არის პარტნიორი მთავრობაში, ვისაც შემიძლია გავუზიარო ეს ყველაფერი.- განაცხადა სააკაშვილმა.