
არჩილ კბილაშვილი: „პრეზიდენტი ხელშეუვალია“
13:43:45     16-04-2013
„საქართველოს კანონმდებლობა არის ასეთი მოცემულობის - მოწმის სახით რომ პირი დაიკითხოს, კანონი არ იცნობს არანაირ გამონაკლისს, ეს ეხება პრეზიდენტსაც და სხვებსაც. სხვა საკითხია, როცა მოწმედ გამოძახებული პირი, უარს ამბობს დაკითხვაზე. თუ იქნება ისეთი შემთხვევა, რომ პრეზიდენტი იქნა გამოძახებული მოწმედ, არ გამოცხადდება ან უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, მაშინ ვერავითარი პროცედურა ვერ ჩატარდება, რადგან კონსტიტუციის ძალით პრეზიდენტი ხელშეუვალია და არ შეიძლება მისი იძულებით მიყვანა დაკითხვაზე. ამ შემთხვევაში ყველა ეს პროცედურა გაჩერდება მანამ, სანამ პრეზიდენტს შესაბამისი უფლებამოსილება არ ამოეწურება. მართალია, სახეზე გვექნება დარღვევა, რაც გამოხატული იქნება იმით, რომ ის დაკითხვაზე და ჩვენების მიცემაზე უარს განაცხადებს, მაგრამ რაიმე სამართლებრივი მექანიზმი პრეზიდენტობის პერიოდში კანონით გათვალისწინებული ვერ იქნება", - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.
მთავარი პროკურორის განმარტებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ის ხდება ჩვეულებრივი მოქალაქე და წარსულში არსებული უფლებები აღარ უნარჩუნდება. რაც შეეხება უშუალოო აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიების საკითხს, მთვარი პროკურორის განმარტებით, მისი მიზანია დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულს.
„უნდა იქნას გამოძიებული ომის სამართლებრივი მხარე. საუბარია იმის დადგენაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი, ომის დანაშაულს. ჩვენ არ განვახორციელებთ მომხდარის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ შეფასებას და არ შევისწავლით მიზან–შეწონილობის საკითხს", - განუცხადა არჩილ კბილაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.