დათა ახალაია „ბედუკაძის მანტიით“ ბრუნდება?

  11:49:12     16-04-2013

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მისამართით, ბრალდებების მორიგი სერია გუშინ, შს ყოფილი მინისტრის და ყოფილი პრემიერის დაბადების დღეზე,  „საჩუქარივით“ გამოცხვა. 

ბრალდებების ავტორი,  მერაბიშვილის ქვეშევრდომი, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაიაა. რომლის სახელითაც გუშინ მიმართვა გავრცელდა, „ფეისბუქის“ ახლადშექმნილ გვერდზე.  ახალაია  არჩევნებში დამარცხებაში მერაბიშვილს ადანასაულებს. 

დათა ახალაია: „ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე, ერთი კაცია - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.  ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა, შეიწირა ჩვენი ხელისუფლება.  მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობები ჩვენ ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი“. 

აღსანიშნავია, რომ ბრალდებების ადრესატს, ახალაიასთვია ოფიციალურად ამ დრომდე არ უპასუხია. დუმილს ინარჩუნებენ ახალაიას ახლობლებიც. პოლიტიკური განცხადების გაკეთებას ერიდებიან ორივე პოლიტიკურ ბანაკში. 

ამ ეტაპისთვის,  სკანდალური წერილის ირგვლივ მხოლოდ ვარაუდები არსებობს. მოსახლეობის ნაწილი პოლიტიკურ გარიგებასაც არ გამორიცხავს, რომელიც 

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგაა მიმართული,  რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატია. 

 ოპოზიციურად განწყობილები მიიჩნევენ, რომ ეს სპექტაკლი 19 აპრილის აქციას უკავშირდება, რომლის მთავარი რეჟისორი ბიძინა ივანიშვილია. პოლიტიკურ კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ დათა ახალაია საქართველოში,  ბედუკაძის მსგავსად „გმირის“ მანტიით დაბრუნდეს.