
მერაბიშვილის პასუხი ღარიბაშვილის განცხადებაზე
14:57:53     15-04-2013
„მოვუწოდებ სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, თავი დაანებოს პოლიციაში „კუდიანებზე ნადირობას“ და ნაცვლად ამისა, გადაერთონ კრიმინალთან ბრძოლაზე და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაზე. მე იმდენად მიყვარს ქართული პოლიცია, რომ უბრალოდ არ ვაკადრებ მას პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვას”, - ასე პასუხობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 19 აპრილის აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე პოლიციელის მიყვანას აპირებს, რომლებმაც დემონსტრაციულად უნდა გაიხადონ პოლიციელის ფორმა და დახიონ პოლიციელის საბუთი“
ვანო მერაბიშვილი: მე ვამაყობ, რომ გარკვეული წვლილი მიმიძღვის ახალი ქართული პოლიციის შექმნაში, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საამაყოდ იქცა ჩვენი ქვეყნისთვის და სამაგალითოდ ჩვენი მეზობლებისთვის. სამწუხაროდ უკანასკნელ თვეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დაკომპლექტება ძირითადად მოხდა ნაცნობობის, პირადი ლოიალობის და ნათესაობის ნიშნით. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ პოლიცია უნდა დარჩეს აპოლიტიკურ ორგანიზაციად, ემსახუროს მოსახლეობას და შეინარჩუნოს ის წარმატებები რომლებსაც მან რეფორმის შედეგად მიაღწია.