"რამდენიმე ამერიკელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მათ მუხლებზე დაჩოქილ ჩონჩხში საკუთარი თავი ამოიცნეს"
00:39:12     14-01-2011
გულნარა წიკლაური - ქართველი მხატვარი განსაკუთრებული, ინდივიდუალური სტილით. მისი ტილოები დაცულია საქართველოს, რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში, ნიუ-იორკის ბილ კლინტონის ფონდში, ამერიკის რუსული ხელოვნების მუზეუმში. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი ვაშინგტონში, ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება. ის ამერიკაში ცხოვრობს და დღეს „პრესა.ჯი-ს“ სტუმარია.
- რა არის თქვენი შემოქმედების მთავარი თემა?
- ჩემი შემოქმედების მთავარი თემა გახლავთ სიკეთესა და ბოროტებას შორის მუდმივი დაპირისპირება. ეს თემა ჯერ კიდევ ბავშვობიდან იმდენად ახლობელი იყო ჩემთვის, რომ მოგვიანებით, ჩემი შემოქმედების ძირითადი თემად იქცა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მხატვარს უნდა გააჩნდეს თავისი არსებობის გამამართლებელი გარკვეული პრიორიტეტები, რომლებიც ამავდროულად განსაზღვრავენ მხატვრის შემოქმედებით არსებობასაც. ვიქეცი მხატვარ-ეგზისტენციალისტად, ერეტიკოსად. ჩემთვის ყველაზე ახლო იყო სიურეალიზმი, რადგან ”სიურეალიზმი არ არის ხელოვნება, ის ცხოვრების წესია” - სალვადორ დალის ამ გამონათქვამს არაერთხელ დავთანხმებულვარ.
- რომელი იყო თქვენი პირველი ტილო და და რა იყო მისი თემატიკა?
- პირველი ტილო, რომელიც შევქმენი, როგორც სიურეალისტმა, გახლდათ “ისტორიის ახალი გვერდი-საქართველო”. სიმბოლოებით გამოვსახე ის ინტელიგენცია, განათლებული, წესიერი, პატრიოტი, რომელსაც ცხოვრებამ ისე წაუჭირა ხელი ყელში, რომ ნელ-ნელა დააჩოქა მიწაზე და მუხლებზე დასცა. როდესაც ეს სურათი ნიუ-იორკში ერთ-ერთ გამოფენაზე გავიტანე, რამდენიმე ამერიკელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მათ ამ მუხლებზე დაჩოქილ ჩონჩხში საკუთარი თავი ამოიცნეს. ამ ტილოს შემდეგ უკვე მოჰყვა სხვა ტილოები - "ისტორიის სანაგვეზე”, "დასასრულის დასაწყისი”, `სულის თავისუფლება”, `ყოფნა-არყოფნა” და სხვ.
- თქვენს სურათებში აშკარად სჭარბობს რელიგიური თემატიკა.
- კიდევ ერთი თემა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, გახლავთ ქრისტიანობის, როგორც უმნიშვნელოვანესი მორალური პოსტულატის ასპექტები. ეს თემა ახალი არ გახლავთ. ბიბლიური პერსონაჟები და სიუჟეტები ყველა დროში აინტერესებდათ მხატვრებს, მაგრამ, მე ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ქრისტიანული რელიგიისადმი. საქართველოში შევქმენი ტილო `30 ვერცხლი,” რასაც მოჰყვა სხვა ნამუშევრები, რომლებიც უკვე ამერიკაში დავხატე. ესენია: "იუდას აღსარება", "იუდა, შენ ნაპატიები ხარ". "მირწმუნე მე" და ბოლო ნამუშევარი “საიდუმლო სერობა”.
- რამდენად ვიცი, ეს უკანასკნელი “ საიდუმლო სერობა” საკმაოდ დიდ თანხად იქნა შეფასებული.
- ამ სურათზე განსაკუთრებით მინდა შევჩერდე, რადგან სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირების ტრაგიზმი ამ ნახატში განსაკუთრებულ ზენიტს აღწევს. მე ვეხები ადამიანთა ზნეობრივ დეგრადაციას, რომელსაც ვერ უშველა ვერც ქრისტეს ჯვარცმამ და ვერც ბიბლიის მაღალზნეობრიობამ.… ადამიანები უფრო უზნეონი გახდნენ.…საუკუნეების გავლის შემდეგ, საიდუმლო სერობის მაგიდასთან მოციქულებიდან მხოლოდ იუდა დარჩა.…ამით მე ყველაფერი ვთქვი.……ამ ტილოს დიდი რეზონანსი მოჰყვა და იგი ძალიან დიდ თანხად არის შეფასებული.....
- რა შეიცვალა თქვენს შემოქმედებაში ამერიკაში წასვლის შემდეგ?
- ბევრი რამ ნამდვილად შეიცვალა. გარემო მოვლენებისა თუ საგნების მიმართ ჩემი დამოკიდებულების შეცვლასთან ერთად, ფრაგმენტულად იცვლებოდა ჩემი შემოქმედებაც. რასაც პირობითად გარკვეულ პერიოდებად დავყოფდი. ამერიკაში დაიწყო ჩემი შემოქმედების ახალი პერიოდი. მხატვრობა მთლიანად გაიგივდა ჩემს ცხოვრებასთან, Mმაგრამ ძირითადი თემა კვლავ იგივე დარჩა, დაბადების, ცხოვრებისა და სიკვდილის უსასრულო წრე.
… ამერიკამ მომიტანა თავდაჯერება იმ არჩევანის სისწორის გამო, რაც გახლდათ ჩემი შემოქმედების მთავარი თემები და რაც მანამდე მხოლოდ ქართული სინამდვილიდან აღებული მეგონა. ნიუ იორკში, სადაც თითქმის მთელი მსოფლიოს წარმომადგენლები ცხოვრობენ, ჩემი სურათების თემატიკა ისევე ახლობელი და გასაგებია, როგორც საქართველოში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ რომ ხელოვნებას საზღვრები არა აქვს…
- როგორც ვიცი, თქვენი ერთ-ერთი ტილოს ფოტო ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება..
- ჩემი ყველა ნამუშევრის თემატიკა საქართველოსთან იყო დაკავშირებული.
გარკვეული გამონაკლისი გახლავთ “9-11-2001”, რომელიც ნიუ იორკის 11 სექტემბრის ცნობილი ტრაგედიის გამო შევქმენი. ჩემთვის ეს ტრაგედია დიდი შოკი იყო, რომელმაც კიდევ უფრო გამიღრმავა სამშობლოდან წამოყოლილი დეპრესია. სურათის შესახებ ბევრი დაიწერა ნიუ-იორკის პერიოდულ პრესაში, მისი ფოტო კი ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება.
- გაქვთ თუ არა სურვილი, რომ თქვენი ნახატების გამოფენა მოეწყოს საქართველოში?
- რა თქმა უნდა, მინდა. …რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს ჩემს შემოქმედებას იცნობდნენ საქართველოში და ჩემი ნახატებიც ჩემს სამშობლოში იყოს დაცული, მაგრამ, ეს ოცნების დონეზე რჩება.
- ხართ თუ არა ამერიკაში ცხოვრებით ბედნიერი?
- ბედნიერი არ ვარ! საკუთარ ქვეყანას, ახლობლებს, ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს, არასდროს იქნება სრულად ბედნიერი. ამერიკის ცხოვრების წესი და რიტმი გაიძულებს იცხოვრო ყოველდღიურობით და ძალიან ცოტა შანსს გიტოვებს მომავალზე საფიქრელად. თუმცა, ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ჩემი მომავალი ნამუშევრებიც, ჩემი შემოქმედება მუდმივად საქართველოსთან იქნება დაკავშირებული.
(გულნარა წიკლაურის ნამუშევრების ხილვა ამ მისამართზე შეგიძლიათ) www.facebook.com/gulnaratsiklauri