ირაკლი ღარიბაშვილი არალეგალურ ფორმირებებს ქმნის?!

  14:52:48     15-04-2013

ირაკლი ღარიბაშვილს ვანო მერაბიშვილის მიერ აწყობილი სისტემა მოსწონს, მაგრამ არ ენდობა. მას არაერთხელ უღიარებია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბევრი რამ მაღალ დონეზე გაკეთებული დახვდა. ის, არც კადრებს იწუნებდა თავიდან, მაგრამ მას მერე რაც, უსავარძლოდ დარჩენილმა  „შემოდგომის ექსპერტებმა“,  თან თავი შეახსენეს ბიძინას, თან ვითომ ინფორმაცია მიაწოდეს, თან რჩევა მისცეს, აქაოდა, მერაბიშვილის კადრებს როგორ ენდობითო, ღარიბაშვილი დილემის წინაშე აღმოჩნდა. 

ბევრი უმიზეზოდ გაათავისუფლა სამსახურიდან, ბევრს შარი მოსდო, მაგრამ მთელი სანათესაო რომ დანიშნოს თანამდებობებზე, ამდენი ნათესაობაც არ ჰყავს. რიგით პოლიციელებადაც მთელი დედოფლისწყარო რომ ჩამოიყვანოს, ერთ უბანზე მეტს მაინც ვერ შეავსებს, ამიტომ შინაგან საქმეთა მინისტრს ისღა დარჩენია,  პოლიციას არ ენდოს.

ხომ არსებობენ სოციოფობები, რომელთაც ეშინიათ საზოგადოების, ანთროპოფობებიც არსებობენ, რომელთაც ადამიანებთან ურთიერთობის შიში აქვთ, ღარიბაშვილს საკუთარი თანამშრომლების მიმართ შიში ჩამოუყალიბდა.  ვერ გეტყვით, რა ქვია  „თანამშრომელი პოლიციელის ფობიას“, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ,  სადამდე მიიყვანა მინისტრი ამან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, „ოცნების“ პარტაქტივისგან აყალიბებს სპეციალურ ჯგუფებს, რომელთაც ევალებათ ხალხზე ზეწოლა. როგორც წყარო იუწყება, მინისტრს ამ არალეგალური დაჯგუფებებისთვის, ფორმებიც შეუძენია და საჭიროების შემთხვევაში,  ამ სპეჯგუფების გამოყენებასაც აპირებს.  რას მოუტანს ეს ქვეყანას, ამის წარმოსადგენად, შორს არ დაგვჭირდება წასვლა. ახლო წარსულში, მსგავსი გაერთიანებებისგან, საქართველომ დიდი გამოცდილება მიიღო.