
ღარიბაშვილის ფობიები, 19 აპრილთან დაკავშირებით...
12:08:33     15-04-2013
ხელისუფლებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, 19 აპრილს დაგეგმილი აქცია, ნამდვილ თავსატეხად იქცა. „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, აქციის შესახებ, თითოეული დეტალის საქმის კურსში ყოფნას ითხოვს, პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
შს მინისტრმა ღარიბაშვილმა, „მტრის“ ძებნა შს სამინისტროდან დაიწყო. წყაროს ცნობით, მინისტრი თათბირს თათბირზე ატარებს და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათიით განწყობილი პოლიციელების კვალზე გასვლით იმუქრება. ღარიბაშვილმა, სამინისტროს თანამშრომლებს პრესის ფურცლებიდან მიმართა და თითიც დაუქნია.
„ნაციონალური მოძრაობა” აქციაზე რამდენიმე პოლიციელის მიყვანას აპირებს, რომლებმაც დემონსტრაციულად უნდა გაიხადონ პოლიციელის ფორმა და დახიონ პოლიციელის საბუთი“- ოპოზიციის მიმართ მორიგი ბრალდების ავტორი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.
ღარიბაშვილი: ეს არის პირველ რიგში შეურაცხყოფა საკუთარი თავის, მუნდირის, პოლიციელის ღირსების. თუ მათ, მსგავს სასაცილო სპექტაკლში მონაწილეობა საბოლოოდ აქვთ გადაწყვეტილი, მოვუწოდებ ხვალვე დაწერონ პატაკი და წავიდნენ სამინისტროდან, რადგან პოლიცია არის თავისუფალი პოლიტიკისგან. ამას გარდა, კანონით არის განსაზღვრული, რომ პოლიციელისთვის დაუშვებელია, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მანიფესტაციაში,“- განაცხადა შს მინისტრმა გაზეთ „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.