19 აპრილს, აქცია, ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზეც გაიმართება

  14:32:43     11-04-2013

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ,  19 აპრილს დაგეგმილ აქციას,  კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება. 

როგორც „ITV”-ს მედიაკლუბში სტუმრობისას,  საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება „ლაზარეს“ თავმჯდომარემ,  ჯონი კვარაცხელიამ აღნიშნა,  19 აპრილის აქციაში ყველა იმ ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვისაც წარმატებულ, დამოუკიდებელ, უსაფრთხო, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება სურს. 

ჯონი კვარაცხელია:  ჩვენ,  დღესაც გვიწევს სამშობლოსთვის ბრძოლა. სამწუხაროა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური როლის დაკნინებას, თვითონ „ვაი  ქართველები“  ცდილობენ. ახალი მთავრობის მიერ,  ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები,  ჩვენ გვავალდებულებს,  19 აპრილს რუსთაველის მოედანზე გავიდეთ. აქციაში,  ყველა იმ ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვისაც წარმატებულ, დამოუკიდებელ, უსაფრთხო, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება სურს. მხარი დაუჭირეთ 19 აპრილის აქციას და აირჩიეთ ქვეყნის განვითარების გზა. 

 „ლაზარეს“  წევრები აცხადებენ, რომ ორგანიზაციას მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთში ქართულ სათვისტომოებთან.  კვარაცხელიას განცხადებით, 19 აპრილს,  რუსეთში ქართველები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციას შეურთდებიან და ქვეყნის ოკუპაციას ოკუპანტის მიწაზე გააპროტესტებენ. 

„ჩვენ სისტემატიური კავშირი გვაქვს, რუსეთში მცხოვრებ ქართველებთან. როგორც ჩემთვის ცნობილია,  რუსეთში 19 აპრილს,  „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, სანქცირებული აქციის  გამართვა იგეგმება.  განაცხადი, ქალაქის მერიაში უკვე შეტანილია.  არის დადებითი პასუხიც.  რუსეთის ტერიტორიაზე აქციის ორგანიზება,   აფხაზეთიდან დევნილმა ლოლიტა ცარიამ ითავა“,- დასძინა კვარაცხელიამ. 

„ლაზარეს“ წევრებმა,  საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ,  გუშინ გაკეთებული განცხადება დაგმეს, რომლის მიხედვითაც ქართულმა საჯარისო დანაყოფებმა,  საბრძოლო მოქმედება მანამ დაიწყეს, სანამ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდოდა. 

„პრესა. ჯი“  აგვისტოს ომთან დაკავშირებით,  საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვითაც დაინტერესდა. 

ალექსანდრე ბიგვავა (ლაზარეს წევრი): ეს საშინელებაა.  მთავრობის ზოგიერთი წევრის მხრიდან,  აგვისტოს ომში,  საქართველო წარმოჩენილია როგორც აგრესორი ქვეყანა. გუშინ,  პრემიერის განცხადება, რუსეთის მას–მედიამ ეგრევე აიტაცა. აჭრელებულია გაზეთები, ივანიშვილის უპასუხისმგებლო განცხადებებით. ეს პირდაპირ დარტყმას აყენებს ჩვენ ქვეყანას.

ბიგვავამ,  19 აპრილს „ქართული ოცნების“ მხრიდან,  გარკვეული პროვოკაციების მოწყობა არ გამორიცხა.  „ბიძინა ივანიშვილმა,  გუშინ პირდაპირ ყოველგვარი დამადასტურებელი ინფორმაციის  გარეშე,  19 აპრილის აქციაზე,  პროვოკაციები დაანონსა. თუ მსგავსი რამ განხორციელდა,  მთელ პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილს დაეკისრება“,- განაცხადა ბიგვავამ.