ლავროვი: რუსეთი არ დათმობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს (ვიდეო)

  13:07:33     11-04-2013

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ RTVI-ს და განაცხადა, რომ რუსეთში უახლოეს მომავალში არ გამოჩნდება პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში რუსეთი შეცდა.

ინტერვიუში ლავროვი ამტკიცებს, როგორ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილმა და რომ რუსეთს ხალხის შველისა და მათი დამოუკიდებლობის აღიარების გარდა სხვა გზა აღარ ჰქონდა.

„არ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში გამოჩნდება პოლიტიკოსი, რომეოლიც იტყვის – მოდით, დავივიწყოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. თუმცა, ისიც უნდა გავიგოთ, რომ არც რუსეთში გამოჩნდება პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის – ჩვენ ამაში შევცდით. როგორ შევცდით, როდესაც ყველაფერი ვითარების დაძაბვით დაიწყო. 2008 წლის 7 აგვისტოს იყო კონტაქტი მიხეილ სააკაშვილთან და მან გასცა განკარგულება, არ დაეწყოთ თავდასხმითი მოქმედებები. ჯერ კიდევ იქამდე ცხინვალში იდგა შერეული ბატალიონი. ბატალიონში მსახურობდნენ რუსები, ქართველები, ოსები. რამდენიმე საათის შემდეგ, რაც სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებები არ იქნება, ქართველი სამშვიდობოები ამ ბატალიონიდან წავიდნენ და რამდენიმე საათში ქართული არმიის დანაყოფებთან ერთად ცეცხლი გაუხსნეს თავიანთ მეგობრებს. ეს იყო მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა და მიხეილ სააკაშვილის მოსვლამდე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი მიზანი იყო სისხლისღვრის შეჩერება... დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზეც კი არავინ ფიქრობდა. მე ყველა იმ განხილვის მოწმე ვარ, რომელიც მოსკოვში მიმდინარეობდა. შემდეგ კი თბილისიდან გაისმა რევანშისტული სიგნალები. სააკაშვილმა რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე უარი თქვა. მისმა რევანშისტულმა განცხადებებმა კი მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ უსაფრთხოებისა და ხალხის გადარჩენის უზრუნველსაყოფად, დამოუკიდებლობის აღიარების გარდა, სხვა გზა არ არსებობდა. როდესაც ამერიკელები და ევროპელები გვთავაზობენ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას 2008 წლის აგვისტომდე არსებული საზღვრების პატივისცემის შესახებ, ჩვენ ვპასუხობთ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ეს არის რუსეთის პრეზიდენტისა და ხელისუფლების გადაწყვეტილება“ - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, რომ არა აგვისტოს „ავანტიურა“, რუსეთი საქართველოსთან მეგობრობის კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამდა.

(საქართველოსთან დაკავშირებით ვიდეოში ლავროვი 0.49.22 წუთიდან საუბრობს)