"სექს პისტოლზი" - მსოფლიოს საყვარელი პანკები

  15:35:51     13-01-2011

2006 წელს, როდესაც "სექს პისტოლზის" წევრებმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ტრიუმფალური შესვლის ცერემონიალზე დასწრებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს, ეს არავის გაჰკვირვებია. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი პანკ-ჯგუფის კარიერის ხანგრძლივობა სულ რაღაც ორი წელი გაგრძელდა, მსოფლიომ საყვარელი პანკები აღიარა პანკ-როკის ყველაზე პოპულარულ წარმომადგენლებად.

ბრიტანული კონფორმიზმის აქტიური მოწინააღმდგეების, "სექს პისტოლზის" ისტორია ლონდონური ჯგუფის,  “The Strand” – იდან იწყება, რომელიც 1973 წელს სამმა თინეიჯერმა დაარსა. ისინი მოგვიანებით გამოტყდებიან, რომ მოპარულ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ, რადგან საკუთარი არ ჰქონდათ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ცოტა მოგვიანებით ჯგუფმა, ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა ბრიტანული, კონსერვატიული აზროვნების საზოგადოების ცხოვრებაში. მათი ყოველი გამოჩენა რეზონანსულ სკანდალებთან იყო დაკავშირებული. 

თუმცა, საზოგადოებამ, საბოლოოდ, პანკები მიიღო და შეიყვარა კიდეც. ჯგუფის საბოლოო სახელწოდება ოდნავ მოგვიანებით იქნა შერჩეული და მასზე არჩევანის გაკეთებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს: ერთი ვერსიის მიხედვით, სახელწოდება აღებული იყო პორნო-ჟურნალის დასახელებიდან, სხვა ვერსიით კი – ნიუ-იორკის ქუჩის ბენდის სახელიდან. თავად ჯგუფის წევრებმა კი ერთხელ განაცხადეს, რომ ასეთი სახელი მათ სჭირდებოდათ, რათა საზოგადოებას "ცუდ ბიჭებად" აღექვა.

ჯგუფის პირველი გამოსვლა 1975 წელს მოხდა. არ ჰქონდათ არც ჩანაწერები, არც სატელევიზიო თუ რადიო გამოსვლები, ამიტომ მათ პირველ გამოსვლაზე მინიმალური რაოდენობა, სულ 30-40 ადამიანი მივიდა. თუმცა, ამ კონცერტს როკ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანსაც კი უწოდებენ. 1976 წლის პირველ ნახევარში "სექს პისტოლზი" ლონდონის კლუბებში გამოდიოდა, ამავე წლის ზაფხულში კი პროვინციებში გასტროლებზეც წავიდა. ჯგუფის პოპულარობა ძალიან გაიზარდა ბრიტანულ ანდერგრაუნში. 

1976 წლის აგვისტო იყო გარდამტეხი "სექს პისტოლზისათვის." ჯგუფი პირველად წარდგა ტელევიზიით მაყურებლის წინაშე, თავისი ერთ-ერთი პირველი სიმღერით,  “Anarchy In The U.K, რომელმაც მედიის და პუბლიკის დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. აქედან დაიწყო სამყაროს წინაშე ამხედრებული პანკების მსოფლიო პოპულარობაც, რაზეც მეტყველებს ის, რომ იმავე წლის შემოდგომაზე მათი მონაწილეობით პირველი პანკ-ფესტივალი გაიმართა პარიზში, ლონდონში გამოვიდა პირველი სინგლი. 1 დეკემბერს კი სატელევიზიო გადაცემაში სკანდალიც შედგა, როდესაც ჯგუფის წევრებმა წამყვანი გარკვეული ინცინდენტის გამო პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებით შეამკეს, რაც ბრიტანული ტელევიზიის ისტორიაში პირველი პრეცენდენტი იყო. 

ამის შემდეგ დაიწყო სკანდალების მთელი სერია, რომელიც ჯგუფს მთელი მოღვაწეობის მანძილზე აღარ მოჰკლებია. ფაშიზმის ფობიით დაავადებული საზოგადოება იმის გამოც აღშფოთდა, რომ მეგობრებმა გადაცემაში სვასტიკების დემონსტირება მოახდინეს. ამ შემთხვევაში, მეორე დღეს ლამის მთელმა პრესამ და საზოგადოებამ შეაჩვენა ჯგუფი. შემდგომი ტურნე “ანარქია”, ფაქტობრივად, ჩავარდა. სხვადასხვა ქალაქებში ხელისუფლება კრძალავდა ჯგუფის კონცერტებს, მათ თავს ესხმოდნენ მორწმუნეთა ჯგუფები, რომლებიც წყევლიდნენ საზოგადოებრივი დოგმების წინააღმდეგ გამოსულ პანკებს. ამას მოჰყვა სკანდალი ამსტერდამის აეროპორტში და სხვა მრავალი. მოკლედ, ამ ყველაფრით "უცნაურმა ბიჭებმა" შექმნეს პანკ-როკერის იდეალური იმიჯი. 

თუმცა, "სექს პიტოლზი" მთლიანობაში მაინც არ ყოფილა პირველი ბრიტანული პანკ-ჯგუფი, მაგრამ მუსიკოსების და კრიტიკოსების უმრავლესობა მაინც მიდის იმ დასკვნამდე, რომ ისინი იყვნენ და დარჩებიან სუბკულტურა “პანკის” ყველაზე სრულყოფილ შემრულებლებლად. მათი მუსიკა არ ყოფილა რევოლუციური, აშშ-ში უკვე უკრავდა პანკის სტილში რამდენიმე ჯგუფი, მაგრამ "სექს პისტოლზი" რომ განუმეორებული იყო, ამაზე მეტყველებს მათი ყოველი სიტყვა, ჟესტი, უკომპრომისო ანარქისტული გამოსვლები. ამ მუსიკალური იდეოლოგიის წარქმომნაში იმუშავა სხვადასხვა მნიშვნელოვანმა ფაქტორებმა, მათ შორის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა. 

დიდმა ბრიტანეთმა 70-იანი წლების მეორე ნახევარში განიცადა პოსტიმპერიული დაცემა, რომელსაც მოჰყვა მსოფლიო კრიზისი. მიმდინარეობდა გაფიცვები, სწრაფი ტემპებით იზრდებოდა უმუშევრობა და შესაბამისად, უკმაყოფილება ხელისუფლების მისამართით. ამას მოჰყვა საზოგადოების უიმედობა და უმოქმედობა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა "სექს პისტოლზი" თავისი პროვოკაციული, ანარქისტული იდეებით და ნიჰილიზმში გადავარდნილი, მიძინებული საზოგადოება გამოფხიზლა. 1978 წლის იანვარში ოფიციალურად გამოცხადდა ჯგუფის დაშლის შესახებ, თუმცა ჯგუფმა პოპულარობა დღემდე შეინარჩუნა და შემდგომი პერიოდის პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებზეც დიდი ზეგავლენა მოახდინა.