
პრემიერს, საკუთარ მინისტრებთან სერიოზული კითხვები ჰქონია
12:15:19     10-04-2013
ბიძინა ივანიშვილი, პროკურატურაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს უკვე ესაუბრა.
ბიძინა ივანიშვილი: „პროკურატურასთან კითხვები მეც მაქვს, ზოგჯერ პროკურორებთან დაკავშირებით, ანეგდოტური სიტუაციაც კი იქმნება, თუმცა წინა ხელისუფლების დროს მომუშავე ძველი კადრების ერთბაშად ჩანაცვლება ვერ ხერხდება. პროცესი მიმდინარეობს. ანეგდოტურია, რომ რამდენიმე საქმეზე მითხრეს, რომ იგივე პროკურორი იძიებს, ვინც წინა ხელისუფლების პირობებში. პოლიციაშიც ბევრია კითხვები. პროკურატურას სჭირდება აუცილებლად კვალიფიციური პროკურორი, თუ პოლიციაში შეიძლება, ნებისმიერი მოქალაქე მიიყვანო და დაასაქმო. შესაბამისად, შეუძლებლად მიმაჩნია დღესაც, რომ მასობრივად შეგვეცვალა პროკურატურის თანამშრომლები“.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენელი სახალხო დამცველის ანგარიშზე და ლაფანყურის სპეცოპერაციაზე პრემიერის შეფასებით დაინტერესდა.
ბიძინა ივანიშვილის, განცხადებით, ომბუდსმენის ანგარიშთან დაკავშირებით აგრესიული რეაქცია, მხოლოდ სოზარ სუბარს ჰქონდა.
„მთავრობას ვთხოვე, რომ მაქსიმალურად პატივი ვცეთ ომბუდსმენის ინსტიტუტს და მაქსიმალურად ანგარიში გავუწიოთ. მე, თავს შევიკავებ ყოველგვარი ანალიზისა და კრიტიკისგან. ეს ანგარიში ომბუდსმენის გაკეთებულია და კეთილი ინებოს მთავრობის ნებისმიერმა წევრმა და მასზე გააკეთოს ადექვატური რეაქცია. მხოლოდ სოზარ სუბარს ჰქონდა აგრესიული რეაქცია ანგარიშთან დაკავშირებით“,- განმარტა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილს, მინისტრებთან კითხვები აქვს. „თუმცა არ მინდა ვიჩქარო, შევხედავ, თუმცა მთავრობის დათხოვნას არ ვაპირებ“ – დასძინა მან.