
„ვუერთდებით აქციას, რომელიც გულისხმობს, რომ „ჩვენ ვართ ევროპა“.
15:45:23     08-04-2013
მოძრაობა „პატრიოტების“ წევრებზე, მასიური ზეწოლა მიმდინარეობს. როგორც ITV - ს მედიაკლუბში სტუმრობისას, მოძრაობის ლიდერმა გიორგი მაზმანიანმა განაცხადა, ზუგდიდში სკოლის პედაგოგი „პატრიოტების“ წევრს დაემუქრა, შეეშვას არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას და არ ჩავიდეს 19 აპრილს თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე.
„ჩვენ გვაქვს აუდიო მასალა, რომელიც ზუგდიდში მოვიპოვეთ სადაც ჩანს, თუ როგორ ემუქრება მასწავლებელი ჩვენი რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეს, შეეშვას, დაწყებულ საქმიანობას, არ ჩამოვიდეს თბილისში აქციაზე, თორემ მას სკოლიდან გაარიცხინებს, მასწავლებელი ჩანაწერში აცხადებს, რომ სკოლის დირექტორის დარწმუნება არ გაუჭირდება და მიზეზს აუცილებლად მოუძებნის, ჩვენი ორგანიზაციის წევრს“,- განაცხადა მაზმანიანმა.
გარდა ამისა, „პატრიოტები“ შეშფოთებას გამოთქვამენ, ანაკლიაში მიმდინარე პროცეზებზე. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, გიორგი მაზმანიანმა აღნიშნა, „ლაზიკა ქალაქ აჩრდილად“ იქცა. მაზმანიანი: ლაზიკასგან განსხვავებით, ანაკლია ოცნებაში აღმოჩენილი ქალაქი არ არის. აქ ცხოვრობენ ადამიანები. წინა ხელისუფლების მიერ, ანაკლიაში წამოწყებულ მშენებლობაზე ათასაობით ადამიანი იქნა დასაქმებული. დღეს კი, ანაკლია ქალაქ აჩრდილად გადაიქცა, სადაც ქარის ზუზუნის მეტს, ვერაფერს გაიგებთ. ათასობით ადამიანი სარჩოს გარეშეა დარჩენილი. მათ არ აქვს საარსებო წყარო. ანაკლიაში სიცოცხლე შეჩერებულია, შეჩერდა ქალაქის გაზიფიცირება. დღევანდელმა ხელისუფლებამ შეაჩერა ყველა ის მშენებლობა, რომელიც წინა ხელისუფლები პირობებში დაიწყო. არჩევნების შემდეგ, ამ ტერიტორიაზე ერთი აგური, გილა არ დადებულა. მეტსაც გეტყვით, სანაპირო ზოლს მოხალისეები იცავენ. მინდა მოვუწოდო პარლამენტის წევრებს, დაანებონ ერთმანეთთან პაექრობას თავი, ჩამობრძანდენ ანაკლიაში, მოინახულონ რა მდგომარეობაში არიან ქალაქის მცხოვრებლები. ჩვენ, უახლოეს დღეებში, ანაკლიასა და ზუგდიდში ჩასვლას ვგეგმავთ, ჩამოდით თქვენც და აუხსენით, რატომ გაუარესდა მათი მდგომარეობა არჩევნების შემდეგ.
როგორც გიორგი მაზმანიანმა აღნიშნა, ხელისუფლების არასწორი ნაბიჯებით, შესაძლოა რაბათის ციხემაც ანაკლიის ბედი გაიზიაროს. „რაბათის ციხეში დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, არჩევნების შემდეგ დაითხოვეს. ვინც ჯერ კიდევ ახერხებს მუშაობას, მათ მიზერულ თანხას უხდიან. როგორც ჩანს ხელისუფლებამ, რომელ რეგიონებშიც არჩევნები წააგო, მიატოვა“,- განაცხადა „პატრიოტების“ ლიდერმა. მოძრაობის ლიდერმა, 19 აპრილის აქციის შესახებ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება რეგიონებში მოსახლეობას ბლოკავს, აშინებს, რომ მათ თბილისში დაგეგმილ აქციაზე მონაწილეობის მიღება ვერ შეძლონ.
„გურიიდან და ხაშურიდან ძალიან ბევრ წერილს ვიღებთ. სადაც საუბარია, რომ მათ თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღება სურთ, თუმცა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მათ ბლოკავენ“,- განმარტა „პატრიოტების“ ლიდერმა და იქვე დასძინა, რომ 19 აპრილს მოძრაობის წევრები, კონკრეტული პატრიის მხარდასაჭერად არ დადგებიან რუსთაველის გამზირზე. გიორგი მაზმანიანი: 19 აპრილს, ჩვენ ვუერთდებით აქციას, რომელიც გულისხმობს, რომ „ჩვენ ვართ ევროპა“. მართლა მიკვირს, რატომ აშინებს, ეს დღევანდელ ხელისუფლებას, ისინი ხომ გვიმტკიცებენ, რომ მათი არჩევანი ევროპაა, მაშინ გამოვიდნენ რუსთაველზე და დადგნენ იმ ხალხის გვერდით, რომელმაც არჩევანი უკვე გააკეთა.