![ეჭვმიტანილმა, მკვლელობის დამკვეთად პავლიაშვილი დაასახელა ეჭვმიტანილმა, მკვლელობის დამკვეთად პავლიაშვილი დაასახელა](http://presa.ge/img/multimedia/a24122.jpg)
ეჭვმიტანილმა, მკვლელობის დამკვეთად პავლიაშვილი დაასახელა
11:46:00     08-04-2013
2012 წლის 23 ნოემბერს, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილული ბიზნესმენის, ანტონ (ავთანდილ) ადუაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვახტანგ ჩხაპელია, მკვლელობის „ფინანსურ მხარდამჭერად", მოსკოვში მოღვაწე ქართველმომღერალ სოსო პავლიაშვილს ასახელებს. პავლიაშვილი ეჭვმიტანილის ცოლის ძმაა. ჩხაპელიიას მიერ, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენების მიხედვით, მოკლული სოსო პავლიაშვილს, დიდი ოდენობით თანხებს, მოტყუებით სისტემატურად ართმევდა.
„ანტონს ფარული უთანხმოება ჰქონდა სოსო პავლიაშვილთან. ანტონი, სოსოს დიდი ოდენობით თანხებს, მოტყუებით, სისტემატურად ართმევდა. სწორედ, ამ ფაქტების სიმრავლის გამო, გადავწყვიტეთ მე და სოსომ დაგვესაჯა ანტონ ადუაშვილი, რისი შესრულებაც მე ვითავე, ხოლო ფინანსური დახმარება სოსომ გამიწია", - აცხადებს ვახტანგ ჩხაპელია. მისი თქმით, ადუაშვილის დასჯაში, მასთან ფიზიკურად გასწორება იგულისხმებოდა.
ფრაგმენტი ჩხაპელიას ჩვენებიდან: (ჩვენება გაზეთ „კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა) „სოსომ საუბრისას მითხრა, - თუ ავთო ცოტა ჭკუაზე არ მოვიდა, მართლაც რაღაც უნდა მოვიფიქროთო. ვუთხარი, რომ ამ საქმეს თავად მივხედავდი. ავთოს დასჯაში ვგულისხმობდი მის ცემას. დიდი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, მენახა ისეთი ვინმე, რომელიც ადუაშვილის გონების დაკარგვამდე ცემას და მის დაინვალიდებას შეძლებდა. ზაფხულის პერიოდში დავუკავშირდი ერთ ჩემს ახლობელს, თემურ ქობალიას - "მუხას"... ვუთხარი, რომ ერთ ძალიან ცუდ პიროვნებასთან მქონდა პრობლემები.
ეს, მე და ჩემს ოჯახს გვეხება და ამ კაცისთვის ჭკუის სწავლება მინდა-მეთქი. ქობალიამ დახმარებაზე უარი მითხრა. მეორე დღეს თემურ ქობალიამ თავისი ახლობელი გელა უბილავა გამაცნო, რომელიც შეკვეთის შესრულებაზე 50 000 დოლარის სანაცვლოდ დათანხმდა. თანხის უმეტესი ნაწილი - 30 000 ევრო უკრაინიდან ჩამოვიტანე. ის სოსო პავლიაშვილმა მომცა (დანარჩენი თანხა, დაახლოებით 12 000 დოლარიც ნაწილ-ნაწილ მივიღე). მისთვის უკვე ნათქვამი მქონდა, რომ კაცი მყავდა ნანახი, რომელიც ავთო ადუაშვილის დასჯაში დამეხმარებოდა. სოსო პავლიაშვილმა მკვლელობის ამბავი რამდენიმე საათში გაიგო, თუმცა არაფერი უთქვამს.
10 000 ევრო მომცა ჭირისუფლებისთვის მისაცემად, რათა დაკრძალვის ხარჯები დაეფარათ... ბოლოს სოსო 10-12 დეკემბერს ვნახე ერევანში, იქ კონცერტები ჰქონდა. მიღებული ჰონორარიდან 10 000 დოლარი და 10 000 ევრო გამომატანა თბილისში. 10 000 დოლარი ხელოსნებისთვის უნდა გადამეცა საფლავის მოსაწყობად, ხოლო 10 000 ევრო ჭირისუფლებისთვის უნდა მიმეტანა".
გასული წლის 23 ნოემბერს, თბილისში, „მერსედესის" მარკის თეთრი ავტომანქანის უკანა სავარძელზე, 46 წლის ანტონ ადუაშვილის ცხედარი იპოვეს. ადუაშვილს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სავარაუდოდ, ერთი - საკონტროლო. სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მკვლელობა სხვა ადგილას მოხდა და მანქანა შემდეგ გადმოიყვანეს ზაზიაშვილის ქუჩაზე.
ქვეყნის მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პავლიაშვილთან დაკავშირებით არის ერთი მოწმის ჩვენება, თუმცა ეს დევნის დასაწყებად საკმარისი არ არის.
ადუაშვილის საქმის შესახებ, НТВ-ს ეთერში ისაუბრა სოსო პავლიაშვილმაც. მომღერალმა საუბარი, საქართველოს მთავარი პროკურორის მიმართ მადლობის გადახდით დაიწყო. „მადლობა საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ მან ეს ნაბოდვარი უარყო"- განაცხადა პავლიაშვილმა.
რაც შეეხება ადუაშვილთან ურთიერთობას, მომღერალი ამბობს: ერთ ეზოში გავიზარდეთ მე და ავთო (ანტონ ადუაშვილი. - ავტ.). ოჯახებით ვმეგობრობდით. მას თავისი საქმე კარგად გამოსდიოდა და ჰქონდა იმის შესაძლებლობა, უფრო დიდი საქმე წამოეწყო. სამწუხაროდ, არ ვიცი, რა მოხდა თბილისში, ვის დასჭირდა ამის გაკეთება. ავთო ჩემთან რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა, მისი სიკვდილით ფაქტობრივად ბავშვობა მომიკვდა, ნახევარი ადამიანი დავრჩი.