დარახველიძე ივანიშვილის შავ სიაშია?!

  16:56:51     04-04-2013

გუბაზ სანიკიძე, რომ აქტიური პოლიტიკიდან  ნელ-ნელა ჩააჩოჩეს ფაქტია. ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტშიც კი იშვიათად ხედავენ. პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ  „ეროვნული ფორუმი“ პრემიერ-მინისტრს მას შემდეგ არ ეპიტნავება,  რაც წინასაარჩევნოდ მთელმა საქართველომ მოისმინა, როგორ ოცნებობდა გუბაზ სანიკიძე „მაყუთის შოვნაზე“ და როგორ ლანძღავდა ივანიშვილის რეპერ შვილს.  პრემიერმა სანიკიძეც და მისი „ფორუმიც“ ძალაუფლების აღების პირველივე წუთიდან აითვალწუნა. 

ივანიშვილის შავ სიაში აღმოჩნდა დევნილთა მინისტრი, შევარდნაძის ჩინოვნიკი და რაჭის ყოფილი გუბერნატორი, დავით დარახველიძეც. 

„პრესა.ჯი“-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ახლო მომავალში დარახველიძე სამინისტროს დაემშვიდობება. პრემიერის განრისხების მიზეზი, სოლოლაკის ბიზნესცენტრთან მიმდინარე დაუსრულებელი აქციები გახდა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან ერთად დევნილებიც არიან. 

თუ რატომ ვერ ახერხებს ძველი თბილისის პოლიცია იმდენს, რომ შუშის სასახლესთან უკმაყოფილო ადამიანების აქცია არ გაიმართოს ამ კითხვაზე პასუხი გაღიზიანებულმა პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრსგან მოითხოვა.  მეტიც, ბიძინა ივანიშვილმა დაცვის სამსახურს მკაცრი გაფრთხილება მისცა, მოშიმშილეებთან არ იკონტაქტონ. 

„პრესა.ჯი“-მ აღნიშნული ფაქტის კომენტირება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პრესსამსახურის უფროსს ეკა გულუას სთხოვა. 

გულუას ინფორმაციით, შუშის სასახლესთან მოშიმშილეთაგან დევნილი არცერთი არ არის. 

ეკა გულუა: ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციაზე დევნილები არ იმყოფებიან. რაც შეეხება იგეგმება თუ არა მინისტრის გადაყენება, ეს ინფორმაცია თქვენგან მესმის და სიმართლე გითხრათ მეცინება, რა მიზეზით უნდა მოხსნან? 

ჩვენ მინისტრის პირად ნომერზეც ვცადეთ დაკავშირება, თუმცა დავით დარახველიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

პრესსამსახურს, გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, იმას, როგორ ვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ, შეიძლება დარახველიძე პოლიტიკურ სანაგვეში აღმოჩნდეს.