
ვანო მერაბიშვილი: საქართველოს ოფიციალური ორგანოები პატრუშევის ბრალდებას იმეორებენ (ვიდეო)
21:45:56     01-04-2013
„ნაციონალური მოძრაობის“
გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ლაფანყურის სპეცოპერაციასთან
დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
მერაბიშვილის თქმით, საქართველოს ოფიციალური ორგანოები დღეს უკვე ზუსტად იმეორებენ
იმ ბრალდებებს, რაც მოსკოვის მხრიდან ისმოდა თავის დროზე და ცდილობენ, ქვეყანას ტერორისტული
სახელმწიფოს იმიჯი შეუქმნან.
„დღეს ვნახე ბრალდების წაყენების ახალი,
ორიგინალური მეთოდი, როცა ომბუდსმენის მეშვეობით ხდება
ბრალის წაყენება. ეს არის
სრულიად იდიოტური ბრალდება. უფრო
მეტი კომენტარის გაკეთება ასეთ
განცხადებებზე შეუძლებელია. ეს არის
მცდელობა, საქართველოს შეუქმნან ტერორისტული სახელმწიფოს იმიჯი.
საქართველოს უკვე
მიაწებეს პოლიტპატიმრების ქვეყნის იმიჯი,
ახლა უნდათ,
შეექმნას ტერორისტული ორგანიზაციების მომზადების და ტერორისტული ბაზების მქონე
ქვეყნის სტატუსი. მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი განცხადება ბოლოს
და არაერთგზის გააკეთა პატრუშევმა. დღეს
უკვე საქართველოს ოფიციალური ორგანოები პირდაპირ იმეორებენ პატრუშევის ბრალდებას. ეს არის
ძალიან იდიოტური, მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და
მეცოდებიან ის
ადამიანები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირ დაკვეთას ახმოვანებენ“, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.