გურიაში თავდამსხმელებმა ერთი ადამიანი დაჭრეს

  14:49:52     29-03-2013

ძარცვა,  ყაჩაყობა,  ყელის გამოჭრა... ამ და მსგავს სხვა სიტყვებს,  ყოველ დღე თუ არა, კვირაში სამჯერ მაინც გაიგონებთ. ქვეყანა განგსტერულ ქალაქს ემსგავსება. პოლიცია კი, უმოქმედოა. კრიმინალური სიტუაციის გართულება, თანაბრად შეინიშნება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. 

გუშინ,  გვიან ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამი ნიღბიანი პირი,  დოლიძეების ოჯახში შეიჭრა და ერთი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. 

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის ინფორმაციით, დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

როგორც „პრესა.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს. 

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელებმა დოლიძეების ოჯახიდან ძვირფასი ნივთები ვერ წაიღეს.  ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობს.  ეს ხდება,  იმის პარალელურად, როცა შსს-ში, კრიმინალის შემცირების ნაცვლად,  ყავას მხოლოდ ფაიფურის ჭიქებით მიირთმევენ.