ნათელაშვილი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

  17:15:10     28-03-2013

საქართველოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები შალვა ნათელაშვილის გარეშე ამჯერადაც არ ჩაივლის. პირველი ლეიბორისტი დარწმუნებულია, რომ ქართველი ამომრჩეველი გონს მოეგო და „ქვეყანას ანდოვს“. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა დღეს ჭადრაკის სასახლეში  პარტიის ყრილობა გამართა.  ნათელაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პირადი ფინანსური ინტერესების გამო ჩაერთო. 

ნათელაშვილი: "ივანიშვილმა სრულად დაიბრუნა ის, რაც "ქართუ ბანკიდან" წაართვეს, თურმე ამიტომ ნდომებია ხელისუფლებაში მოსვლა, რომ თითონ დაებრუნებინა წართმეული, მაგრამ ბებიაჩემს, მამაჩემს, ჩემს ძმას, ჩემს დას სამსახური, ფული, ანაბარი რომ წაართვეს, ეს არაფერი ყოფილი და თურმე კოჰაბიტაცია უნდა გაკეთდეს. ძირს ასეთი კოჰაბიტაცია". 

ნათელაშვილის მსგავსად პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს ნინო ბურჯანაძეც.  პოლიტიკურ კულვარებში არ გამორიცხავენ, რომ ლედი ნინომ „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთრარი თავი შესთავაზოს.