პუტინმა დილის 4 საათზე შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წრთვნის ბრძანება გასცა
16:08:52     28-03-2013
რუსეთის პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა ვლადიმერ პუტინმა შავი ზღვის რაიონში ფართომასშტაბიანი წრთვნების დაწყების შესახებ დღეს მოულოდნელი ბრძანება გასცა.
„დილის 4 საათზე თავდაცვის მინისტრს დახურული კონვერტი მიუტანეს, რომლის გახსნისას მან შესაბამისი ბრძანება მიიღო“ - იტყობინება პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი. მისი თქმით, სწავლებაში ჩართულია 36 ხომალდი, რომლებიც სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში არიან ბაზირებულნი, ასევე ავიაცია. წრთვნაში 7 000 ადამიანი მონაწილეობს.პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ წრთვნაში 7 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა საერთაშორისო პრაქტიკით არ მოითხოვს პარტნიორების წინასწარ გაფრთხილებას, მათ შორის, არც ნატო-ს გაფრთხილებას. პესკოვის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად ყოველ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება ჩაატაროს დაგეგმილი ან მოულოდნელი წრთვნა.
„დღეს, დილის 4 საათზე, როცა პუტინი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა და სამხრეთ აფრიკული დურბანიდან ბრუნდებოდა, მთავარსარდალმა უბრძანა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, დაიწყოს ფართომასშტაბიანი წრთვნა შავი ზღვის რაიონში“ - თქვა პესკოვმა და დასძინა, რომ საუბარია ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელ შემოწმებაზე.
პესკოვმა ასევე დააზუსტა, რომ ხომალდების გარდა წრთვნაში მონაწილეობას მიიღებს „ნაწილობრივ ავიაციაც, სწრაფი რეაგირების საჰაერო-სადესანტო ჯარები, საზღვაო ფეხოსნები და „გრუ“-ს სპეცდანიშნულების ძალები“.
პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ხომალდებმა უკვე დატოვეს სევასტოპოლი. „იგეგმება, რომ სწავლების დროს მოხდება დესანტირება რუსეთის ფედერაციის სამ პოლიგონზე“.
პესკოვის განცხადებით, დანარჩენ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი მიაწვდიან მედიას.