
პრეზიდენტი: საქართველოში მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს...
17:45:37     26-03-2013
საქართველოში
უნდა შენარჩუნდეს მასმედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. ეს განცხადება ქვეყნის
პრეზიდენტმა დღეს ბათუმში გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით „ყველანაირი ხელოვნური
ფათური ტელევიზიებთან მიმართებაში საშიშია... ჩვენ ორი მთავარი პოლიტიკური საკითხი
გვაქვს - საქართველოში უნდა შენარჩუნდეს მასმედიის სრული დამოუკიდებლობა და სასამართლოს
დამოუკიდებლობა“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ყველაზე მეტი ტელევიზია და გაზეთი სწორედ
მისი პრეზიდენტობის დროს გაიხსნა.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკოსები და მთავრობა ტელევიზიებს უნდა მოშორდეს, რათა თავადვე განვითარდნენ:
„საზოგადოებრივი
მაუწყებელი კარგად მუშაობს, სხვა დამოუკიდებელი ტელევიზიებიც საქართველოში არსებობს
და მთავრობა რაც ნაკლებად ჩაერევა და თუ საერთოდ არ ჩაერევა, საერთოდ თუ ახლოს არ გაეკარება,
კარგია. აქედან გამომდინარე, ასეთ თემებთან უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად იმიტომ, რომ
საქართველოს უდგება საკითხი ვილნიუსის სამიტზე მივიღებთ თუ არა ასოცირების ხელშეკრულებას.
თუ ამ მატარებელმაც გაგვასწრო, შემდეგ მატარებელზე ლოდინი მოგვიწევს ძალიან დიდხანს
და შეიძლება ძალიან ტრაგიკულად, დრამატულად იყოს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი
ქვეყნისთვის თუ დროზე არ შევთანხმდით რაღაცეებზე. ჩვენ არ გვინდა კონფრონტაციულად მუშაობა.
ამიტომ, ჩვენ შევთავაზეთ მოლაპარაკება ერთ კანონზეც, მეორეზეც, მესამეზეც. ჩვენი ამოცანა
არ არის, რომ ურემი გადატრიალდეს და ვთქვათ, ხომ ვიძახოდით, რომ ეს ასე მოხდა. მოდით,
არ გადავატრიალოთ ურემი“ - აღნიშნა მიხეილ
სააკაშვილმა.
დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა
არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონპროექტს, თუკი ის იგივე სახით
იქნება მიღებული.
უმცირესობა ასევე მხარს არ უჭერს საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს. როგორც ცნობილია, ახალი მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად ოპოზიცია ფიქრობს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებს და ის ახალი მმართველი ძალის კონტროლს დაექვემდებარება. ამ შემთხვევაშიც, თუკი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ მოხდება, გამორიცხული არ არის პრეზიდენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონსაც ვეტო დაადოს. თუმცა უმრავლესობამ უკვე გაითვალისწინა ოპოზიციისა და პრეზიდენტის წინადადება და ორშაბათის საგანგებო სხდომის დღის წესრიგში აღნიშნული კანონპროექტი არ შეიტანა. ამ საკითხზე მხარეებს შორის კონსულტაციები ხვალისთვისაა დანიშნული.