საქართველო სირიის რეჟიმს ეხმარება?

  12:55:20     26-03-2013

ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფი ნიუ-იორკიდან  ProPublica კვლევის შედეგად აცხადებს, რომ სირიის რეჟიმი მესამე მხარიდან სხვადასხვა სახის დახმარებებს იღებს და ასეთ დამხმარე ქვეყნებს შორის საქართველოც სახელდება.

„სირიის რეჟიმის დამხმარეები“  - ამ სათაურით გამოქვეყნებულ მოხსენებაში საუბარია იმაზე, რომ ეს არ არის პირდაპირი დახმარება და მხარდაჭერა, თუმცა  მესამე მხარის მოქმედებები ახდენს გავლენას სირიის მოვლენებზე.

კვლევის თანახმად, საქართველო, ლიბია, კვიპროსი, ანგოლა, ვენესუელა, ირანი და რუსეთი სირიას ნავთობსა და ბენზინს აწვდიან.

„საქართველო და აზერბაიჯანი ირიბად ეხმარებიან სირიას“ ამ სათაურით სტატიას კი გამოცემა „ევრაზიანეტი“ აქვეყნებს. სტატიის ავტორია ჯოშუა კუცერა, რომელიც უფლებამდამცველი ორგანიზაციის Human Rights First-ის კვლევას ეყრდნობა და წერს, რომ სირიის რეჟიმს დიზელის საწვავს საქართველოსა და ლიბანში დარეგისტრირებული კერძო კომპანიები აწვდიან. კუცერა იმასაც აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც აშშ დახმარებას უწევს საქართველოსაც და ლიბანსაც, ეს დახმარება და მჭიდრო ურთიერთობები მას საშუალებას აძლევს აამოქმედოს პოლიტიკური და დიპლომატიური არხები, რომ ლიბანისა და ასქართველოს მთავრობებმა ამ მოხსენებაში მოყვანილი ფაქტები გამოიძიონ და შესაბამისად ამ კომპანიების მიერ სირიის კრიზისის ხელშეწყობა შეწყვიტონ. საუბარია ბაშარ ასადის რეჟიმის და არა ამბოხებულთა მხარდაჭერაზე.