
მიხეილ სააკაშვილი: ძალიან კარგად მუშაობენ ერთად, ბაქრაძე და უსუფაშვილი
17:16:19     25-03-2013
“პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ერთად ძალიან კარგად მუშაობენ და ასევე უნდა გაგრძელდეს"- აღნიშნული განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ახალქალაქში სტუმრობისას გააკეთა.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მას შემდეგ, რაც ორი პოლიტიკური ძალა კონსტიტუციის არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ პროცედურის ფორმაზე შეთანხმდა, სხვა მნიშვნელოვან კანონებზე იგივე გაგრძელდება.
მიხეილ სააკაშვილი: გუშინ, უმცირესობის ლიდერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის კონსულტაცია გაიმართა. მას შემდეგ, რაც ჩვენ შევთანხმდით კონსტიტუციის არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ პროცედურის ფორმაზე, რაც მისასალმებელი მოვლენა იყო პარლამენტში, კარგი იქნებოდა, რომ სხვა ძალიან მნიშვნელოვან კანონებზე იგივე გაგრძელდეს. რაც შეეხება “საერთო სასამართლოების შესახებ" კანონს, ეს კანონი არის სასიცოცხლო დემოკრატიისთვის. თუ ამ ფორმით იქნება ეს კანონი მიღებული, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო სამუდამოდ თუ არა, ყოველშემთხვევაში ვილნიუსის სამიტზე, ევროპულ პერსპექტივას დაემშვიდობება, რაც სხვადასხვა პროცესებს ძალიან შეაფარხებს.
ამიტომ, ახლა როგორც არასდროს, ჩვენ ერთობლივი მუშაობა და ერთმანეთის ჯიბრში არჩადგომა გვჭირდება. ყველა პარტიის ინტერესებში უნდა იყოს, რომ ჩვენ ევროპისკენ წავიდეთ და სასამართლო თავისუფალი იყოს. ძალიან კარგად მუშაობენ ერთად ბაქრაძე და უსუფაშვილი, ასევე უნდა გაგრძელდეს. მეც მზად ვარ ჩავერთო, იმედია პრემიერ-მინისტრიც ჩაერთვება. ყოველგვარი ზედმეტი ემოციებისა და ხელისგადაგრეხვის გარეშე, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რაც ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაში კარგადაა გაწერილი, რადგან ეს საქართველოს საკეთილდღეოდ და თითოეული მოქალაქისთვის უკეთესი იქნება.