ახალაია: ჩემთვის არაფერი უკითხავთ. იქნებ ვაღიარებ ან მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაწვდი ბრალდებას?

  16:25:12     22-03-2013

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დღევანდელ სასამართლო პრცესზე განაცხადა, რომ „სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად იმყოფება პატიმრობაში ოთხი თვის განმავლობაში“.

ახალაიას თქმით, ამ ხნის განმავლობაში მასთან არც პროკურორი და არც გამომძიებელი არ მისულა და წარმოდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით კითხვაც კი არ დაუსვამთ.

„კითხვაც კი არ დაუსვამთ წარმოდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით. იქნებ ვაღიარებ? იქნებ რა ინფორმაციას ვაწვდი ბრალდებას, რომ ცვლის თვითონ საქმის მდგომარეობას და ვითარებას. ხომ უნდა მკითხოვს ვინმემ? არავინ არაფერს მეკითხება. მოდიან აქ და რაღაც თეატრალურ წარმოდგენებს დგამენ“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

სიტყვით გამოსვლის საშუალება პროცესზე ახალაიასთან ბრალდებულ ყოფილ სამხედროებსაც მიეცათ. მერაბ კიკაძისა და ალექსანდრე გორდაძის განცხადებით, პროკურატურა, მათგან, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვდა, რაზეც ახალაიამ განაცხადა, რომ ისინი საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დააყენეს.

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

„მესმის საზოგადოების მოსაზრება, რომ ახალაია შეიძლება დაიჭირო ნებისმიერ საქმეზე და ისე უბრალოდ იჯდეს ციხეში, მაგრამ ყველა ეს ბრალდება არასერიოზულია," - განაცხადა მან.